ენგურის ხიდი ახალი წლის დღეებში და კითხვა - როდის დავბრუნდებით? [ფოტოამბავი]
ენგურის ხიდი ახალი წლის დღეებში და კითხვა - როდის დავბრუნდებით? [ფოტოამბავი]

საახალწლო სამზადისი ყველაზე უკეთ ენგურის ხიდზე ჩანს. 2017 წლამდე აქ ყოველდღიურად ოკუპირებული აფხაზეთიდან 1500-მდე ადამიანი გადმოდიოდა. მას შემდეგ, რაც რუსმა ოკუპანტებმა და ე.წ. აფხაზურმა მილიციამ დაბალ ზონაში ნაბაკევი-ხურჩისა და ოტობაია-ორსანტიის გადასასვლელები ჩაკეტეს, გადმომსვლელთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა.

2015 წლის გაზაფხულზე საოკუპაციო რეჟიმმა ფიჩორი-განმუხურისა და თაგილონი-შამგონის გადასასვლელები ჩაკეტა. ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო საუბარი, რომ 6 გადასასვლელიდან ერთი დარჩებოდა.

​2016 წლის 19 მაისს, სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორია მოკლეს. მისი მკვლელი რაშიდ კანჯი-ოღლი დღემდე დაუსჯელია. იმ დღიდან დაიწყო საუბრები ნაბაკევი-ხურჩისა და ოტობაია-ორსანტიის გადასასვლელების ჩაკეტვაზე. 2017 წლის 5 მაისს, ეს გადასასვლელებიც ჩაიკეტა.

ნაბაკევი-ხურჩის გადასასვლელი



ოტობაია-ორსანტიის გადასასვლელი

გადასასვლელებიდან ენგურის ხიდი და საბერიო-ფახულანი დარჩა. საბერიო-ფახულანის გადასასვლელით მხოლოდ ფეხით მოსიარულეები სარგებლობენ და ძირითადად სოფელ საბერიოს, დიხაზურგას და ჩეღალის მოსახლეობა.

ეს სოფლები გალის რაიონის მაღალ ზონას მიეკუთვნება, რაც შეეხება დაბალ ზონას, სადაც 4 გადასასვლელია ჩაკეტილი, აქ 30 სოფელია მოქცეული. მაგალითად, პირველი ოტობაიადან ან ფიჩორიდან ენგურის ხიდზე მოსახვედრად, მოსახლეობას 40 კმ.-ის გავლა უწევს.


ტრანსპორტი პრობლემაა. მით უმეტეს ახლა, როცა ბინადრობის მოწმობებზე მიდგა საქმე. გალიის რაიონის მოსახლეობას და არა მარტო მათ, პრობლემები ხიდზეც ექმნებათ. ბინადრობის მოწმობის აღება ადგილობრივებს არ უნდათ, გამშვებ პუნქტზე კი ითხოვენ.

​მოხუცი კაცი “ლიბერთი ბანკის” მანქანასთან: “გალიდან გადმოვედით მე და ჩემი ცოლი, ავიღეთ პენსია, ნამცხვრის და ხილის ყიდვა გვინდა, რადგან მერე ვერაფერს ვერ ვიყიდით, შემდეგ თვემდე ხომ უნდა ვიცხოვროთ. წელს მოსავალი არ იყო, არც თხილი, არც ციტრუსები და დავრჩით მშივრები”.

ქალი ხიდზე: “გალის რაიონიდან გადმოვედი, ვიყიდე რაღაცები. ცოცხი რად მინდა? – ამბობენ ახალ წელს სახლში ახალი ცოცხი უნდა შეიტანოო. ზუგდიდში ვიყიდე 4 ლარად, აბა, გალში 200 რუბლი ღირს (100 რუბლი 3.5-4 ლარია) გალში ყველაფერი ორჯერ უფრო ძვირია. ახლა უნდა ვიჩქარო, რომ ჩემი სოფლის ავტობუსს მივუსწრო”.

საახალწლოდ ძირითადად ცოცხი და ჩიჩილაკი მიაქვთ, რაც შეეხება პროდუქტებს: ხილი და ტკბილეულობა.

მუშაობის პროცესში მოსახლეობა პროდუქტების გადაღებაზე უარს გვეუბნება, რადგან საზღვარზე მათი დიდი რაოდენობით გადატანა ფასიანი გახდა.

ენგურის ხიდზე მარტო გალელები არ გადადიან, მათ შორის არიან – სოხუმელები, ოჩამჩირელები.

 

​​საახალწლოდ ენგურის ხიდზე ათასობით ადამიანი გადავიდა, მათ შორის იყვნენ მოხუცებიც და ახალგაზრდებიც. ისინი ფეხით, ოთხთვალათი, გაერო-ს უფასო ავტობუსით ან ზუგდიდის ცენტრიდან მიმავალი ფასიანი ტრანსპორტით გადაადგილდებიან, რომლის საფასურიც 2 ლარია.

საქართველოს დროშა ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, რომელიც აფხაზეთიდან ჩანს

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები ახალ წელს გვილოცავენ და კითხულობენ: როდის დავბრუნდებით? ისინი იქ ცხოვრობენ, თუმცა დაბრუნებაზე მუდმივად საუბრობენ… შორია აფხაზეთამდე?!

 

დატოვე კომენტარი