ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო საკუთარი თავის პრეზიდენტად გამოცხადებამდე აშშ-ს სტუმრობდა
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო საკუთარი თავის პრეზიდენტად გამოცხადებამდე აშშ-ს სტუმრობდა

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო საკუთარი თავის პრეზიდენტად გამოცხადებამდე ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობდა. ამის შესახებ Associated Press-ი ხუან გუაიდოს გარემოცვაზე დაყრდნობით იუწყება.

კარაკასის ყოფილ მერ, ანტონიო ლედესმასთან გამართული ინტერვიუთი ირკვევა, რომ ხუან გუაიდომ საიდუმლო ვიზიტები დეკემბრის შუა რიცხვებში გამართა.

ხუან გუაიდო საიდუმლო ვიზიტებით შტატებთან ერთად კოლუმბიასა და ბრაზილიაში ჩავიდა. მიზანი უცხოელი მაღალჩინოსანი მხარდამჭერებისთვის ვენესუელის ოპოზიციის სამოქმედო გეგმის და ანტისახელისუფლებო სტრატეგიის გაცნობა იყო.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს წყაროს ცნობით, ხუან გუაიდოს მიერ საკუთარი თავის პრეზიდენტად გამოცხადების გეგმის შესახებ უცხოელმა მხარდამჭერმა მაღალჩინოსნებმა აღნიშნული ვიზიტების დროს შეიტყვეს.

Associated Press-ი იუწყება, რომ ნიკოლას მადუროსა და მისი გარემოცვისთვის ხუან გუაიდოს და ოპოზიციის გეგმა ბოლო მომენატმდე უცნობი იყო. ხუან გუაიდოს რისკიანი მოგზაურობების პარალელურად მხარეებს შორის სისტემატიური კონტაქტი იყო დამყარებული. ამ ხნის განმავლობაში ვენესუელელი ოპოზიციონერები და მათი უცხოელი პარტნიორები უსაფრთხოების მიზნით, ერთამენთთან საიდუმლო შიფრით ურთიერთობდნენ.