ენერგორესურსების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობის მიზნით პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებები ინიცირებულია
ენერგორესურსების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობის მიზნით პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებები ინიცირებულია

საქართველოში, 2029 წლიდან, ყველა ახალი შენობისთვის თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობის სტანდარტის დაკმაყოფილება სავალდებულო იქნება.

მსგავსი ვალდებულება „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებებით განისაზღვრა, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

კანონპროექტი განმარტავს, რომ თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარებისაა შენობა, რომელსაც გააჩნია ძალიან მაღალი ენერგოეფექტიანობა, ენერგიის თითქმის ნულოვანი ან ძალიან მცირე მოთხოვნილებით, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი იფარება ადგილზე ან ახლო ტერიტორიაზე წარმოებული განახლებადი ენერგიის წყაროებიდან.

ცვლილებების მომზადების მიზეზად დასახელებულია ენერგორესურსების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა და შენობების ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესება, ასევე შენობის როგორც გარე, ასევე შიდა კლიმატურ პირობებზე მოთხოვნებისა და ხარჯეფექტიანობის გათვალისწინება.

კანონპროექტით კონკრეტდება, რომ შენობების ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები ყველა ახალ შენობაზე, შენობის ნაწილებზე, შენობის ელემენტებზე, ასევე მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის შემთხვევაში არსებულ შენობებსა და მათ ნაწილებზე გავრცელდება. მნიშვნელოვან რეკონსტრუქციას შენობის გარსის ზედაპირის 25%-ზე მეტის რეკონსტრუქცია წარმოადგენს.

მოთხოვნების ნაწილში ნათქვამია, რომ საინჟინრო-ტექნიკური სისტემების მოთხოვნები სულ მცირე – გათბობის, ცხელი წყლით მომარაგების, ჰაერის კონდიცირებისა და ვენტილაციის დიდ სისტემებს ან ამ სისტემების კომბინაციებს შეეხება.

აღნიშნულის გარდა, სავალდებულო ხდება მთელი რიგი შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირება. კანონპროექტი ცალსახად განსაზღვრავს, რომ შენობის ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირება მესაკუთრის ვალდებულებაა და დამოუკიდებელ ექსპერტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდება.

ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებულია შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირებაც. კერძოდ, ცვლილებებით, 20 კვტ.-ზე მეტი ეფექტური გამომავალი ნომინალური სიმძლავრის მქონე გათბობის ქვაბის და 12კვტ-ზე მეტი ეფექტური გამომავალი ნომინალური სიმძლავრის კონდიცირების სისტემების ხელმისაწვდომი ნაწილები რეგულარული ინსპექტირების ობიექტებს წარმოადგენენ, ხოლო გათბობის სისტემა, რომელსაც 100 კვტ-ზე მეტი ეფექტური გამომავალი ნომინალური სიმძლავრის გათბობის ქვაბი აქვს, ინსპექტირებას ექვემდებარება ორ წელიწადში ერთხელ, გაზზე მომუშავე გათბობის ქვაბი – ოთხ წელიწადში ერთხელ.

ცვლილებების ავტორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა, კანონპროექტის ძირითადი მუხლების ამოქმედება 2019 წლის 30 ივნისიდან იგეგმება.