ენერგორესურსების გაძვირებით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლის ფონზე, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 2.5%-მდე გაზარდა
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით გაზარდა და დეპოზიტის განაკვეთი 2.5%-მდე აიყვანა. ეს ბოლო სამ თვეში განაკვეთის უკვე მეორე ზრდაა.
ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის სპარსეთის ყურეში ომის შედეგად ენერგორესურსების გაძვირებით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლაა.
ევროზონის წლიურმა ინფლაციამ აგვისტოში 3.3% შეადგინა, ივლისში კი 2.9% იყო. ენერგიის ფასების ინფლაცია 10.3%-დან 14.3%-მდე გაიზარდა. ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა კი დღეს კვლავ 100 დოლარს გადააჭარბა.
ამასთან, საბაზისო ინფლაცია, რომელიც ენერგიისა და სურსათის ფასებს არ ითვალისწინებს, 2.5%-დან 2.4%-მდე შემცირდა. მომსახურების ინფლაციამ კი 3.3%-დან 3%-მდე დაიკლო.
ევროპის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, ინფლაცია წელს საშუალოდ 3% იქნება, 2027 წელს — 2.5%, ხოლო 2028 წელს — 2.1%.
ევროზონის ქვეყნებში ინფლაციის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად განსხვავდება. აგვისტოში ესპანეთში ინფლაციამ – 4.5%, გერმანიაში – 2.9%, ხოლო საფრანგეთში 2.7% შეადგინა.
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ენერგეტიკული შოკის სრული გავლენა ინფლაციაზე ჯერ კიდევ არ გამოვლენილა.
ცენტრალური ბანკის შეფასებით, ენერგეტიკული ინფლაციის ბოლო ზრდის დაახლოებით 90% ენერგიის მიწოდების პრობლემებით არის გამოწვეული და არა გაზრდილი მოთხოვნით.