ენერგოომბუდსმენი - წყალზე ტარიფის გაზრდა მოსალოდნელი იყო
ენერგოომბუდსმენი - წყალზე ტარიფის გაზრდა მოსალოდნელი იყო

დაწესებული ტარიფი არის ზუსტი გაანგარიშებისა და ზუსტი მათემატიკის შედეგით მიღებული, შესაბამისად, მივიღეთ ზუსტი ციფრი, – ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა თბილისში წყლის ტარიფის გაზრდაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, GWP-ის ტარიფის დადგენის პროცესში დაფიქსირდა ზრდა, რაც გამოწვეულია ძირითადად საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციის პროცესებით, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, რომ ზრდა დაფიქსირდებოდა და კომისიამ დღეს ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. მიღებული ტარიფი არის ზუსტი გაანგარიშებისა და ზუსტი მათემატიკის შედეგით მიღებული, შესაბამისად, მივიღეთ ზუსტი ციფრი”, – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, რამდენად მძიმედ აისახება გაზრდილი წყლის ტარიფი მოსახლეობაზე, სალომე ვარდიაშვილმა უპასუხა, რომ მისთვის, როგორც მომხმარებელთა უფლებების დამცველისთვის ნებისმიერი სატარიფო ზრდა მიუღებელია.

“რა თქმა უნდა, მატერიალური კუთხით, ნებისმიერი პროდუქტის გაძვირება უარყოფითად აისახება მოსახლეობაზე. მე, როგორც საზოგადოებრივი დამცველი, არანაირ გაძვირებას არ ვემხრობი და არ მივესალმები, თუმცა ამას არ აქვს კავშირი იმასთან, რამდენად სამართლიანად დაითვალა ტარიფები”, – განაცხადა ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა.

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, თბილისში წყლის ტარიფი იზრდება. გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის გადასახადი 1 მ3-ზე დაახლოებით 6 თეთრით, ხოლო გაუმრიცხველიანებლებისთვის ერთ სულზე დაახლოებით 75 თეთრით იზრდება.