ენერგოომბუდსმენი ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფის ცვლილებას არ ელოდება
ენერგოომბუდსმენი ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფის ცვლილებას არ ელოდება

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი ბუნებრივი აირის საყოფაცხოვრებო ტარიფის ცვლილებას არ ელოდება.

სალომე ვარდიაშვილი გაზის ტარიფის განხილვის პროცესში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) ერთად არის ჩართული.

მისი შეფასებით, გაზის საფასურის მატების საფუძველი არ არსებობს.

„რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად ვარ ჩართული სატარიფო საქმიანობის პროცესში, თვალს ვადევნებ და მაქვს მთელი რიგი დოკუმენტაცია გამოთხოვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ახლა უკვე დათვლილია ფაქტობრივად ყველა კომპონენტი, შესწავლილი არის ყველა ძირითადი მომენტი, რაც აუცილებელია ტარიფის დასადგენად, თუმცა წინასწარ არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მარეგულირებელი კომისია. ჩემი პირადი მოსაზრებით და გაანგარიშებით, გაზის ტარიფის ზრდას არ ველოდებით, ვინაიდან არსებობს მთელი რიგი საფუძვლები და წინაპირობები, რომ ტარიფი არ გაიზარდოს“, – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

სატარიფო საქმის წარმოება „თბილისი ენერჯის“ მიმართვის საფუძველზე სემეკ-მა ექვსი თვის წინ დაიწყო. გადაწყვეტილება კომისიამ დღეს უნდა მიიღოს.

თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის „თბილისი ენერჯის“ გაზის ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე 46 თეთრს შეადგენს.