ენერგოგაერთიანების სამდივნო საქართველოს ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს
ენერგოგაერთიანების სამდივნო საქართველოს ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს

ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორმა, იანეზ კოპაჩმა საქართველოს მიერ ენერგეტიკის სექტორში ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შესრულების ანგარიში წარადგინა.

იანეზ კოპაჩი ამბობს, რომ ცალკეული ვალდებულებების შესრულების ვადა უკვე ამოიწურა, ნაწილზე კი, მალე იწურება. შესაბამისად, სამდივნოს დირექტორს იმედი აქვს, რომ შესაბამისი კანონპროექტების მიღება აღარ გაჭიანურდება.

„რაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი და სასწრაფოა, ეს არის დირექტივები შენობებისა და ენერგოეფექტურობის თაობაზე, ასევე ელექტროენერგიისა და გაზის შესახებ, რაც გამოიწვევს ლიბერალიზებას და ბაზრების გახსნას. ეს არის არა უბრალო ვალდებულება, არამედ გამოიწვევს სასიკეთო ცვლილებებს მოქალაქეებისთვისაც. განხილვები მთავრობასა და პარლამენტში გაჭიანურებულია. ზოგ შემთხვევაში, ამის მიზეზები ჩვენთვის გაუგებარია“, – განაცხადა კოპაჩმა.

სამდივნოს დირექტორის განცხადებით, ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით გაჭიანურებული დისკუსია უკავშირდებოდა საკითხს, რომელი უწყება იქნებოდა ამ მიმართულებაზე პასუხისმგებელი.

„ეს არ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბარიერია მთელი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის, რაც სამწუხაროა“, – აღნიშნა კოპაჩმა.

რაც შეეხება ელექტროენერგეტიკისა და გაზის ბაზრების ლიბერალიზებას, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორი ამბობს, რომ აღნიშნულ თემაზე დისკუსია მომხმარებელთა ნაწილისთვის ფასების შესაძლო გაზრდას უკავშირდებოდა.