„ენერგოატომმა“ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში, რადიაციული ღრუბელის გავრცელებაზე პროგნოზი გააკეთა
„ენერგოატომმა“ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში, რადიაციული ღრუბელის გავრცელებაზე პროგნოზი გააკეთა

„ენერგოატომმა“ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში რადიაციული ღრუბელის გავრცელების პროგნოზი მოამზადა.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

უკრაინული კომპანიის პროგნოზით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მეექვსე ენერგობლოკზე ავარიის შემთხვევაში, რადიაციული ღრუბელი უკრაინის სამხრეთ და რუსეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებს დაფარავს. კომპანიაში ასეთი პროგნოზი 29 აგვისტოსთვის ჰაერის მასების მოძრაობის მიმართულებასა და სიჩქარეზე დაყრდნობით გააკეთეს.

როგორც მედია წერს, ვითარება სადგურზე ბოლო რამდენიმე კვირაა, გართულდა დაბომბვისა და უშუალოდ ატომური ობიექტის ტერიტორიაზე რუსული ჯარების განლაგების გამო. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ვითარების გასარკვევად სადგურზე მისიის გაგზავნას ცდილობს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა რაც შეიძლება მალე უნდა დატოვონ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია, რადგან მათი ყოფნა სადგურზე საფრთხეს უქმნის მთელ კონტინენტს.

„ათწლეულების მანძილზე ბირთვული უსაფრთხოება უკრაინის უმთავრესი პრიორიტეტი იყო, განსაკუთრებით ჩვენი ტრაგიკული წარსულის გათვალისწინებით. რუსმა დამპყრობლებმა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური სამხედრო ბაზად აქციეს და რისკის ქვეშ დააყენეს მთელი კონტინენტი. რუსმა სამხედროებმა უნდა დატოვონ სადგური. მათ იქ არაფერი ესაქმებათ“, – წერს კულება „ტვიტერზე.