„ენერგოატომი“ - რუსეთის არმიამ რაკეტები ესროლა სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ინდუსტრიულ ზონას, დარტყმის ტალღამ ელექტროსადგურის შენობები დააზიანა
„ენერგოატომი“ - რუსეთის არმიამ რაკეტები ესროლა სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ინდუსტრიულ ზონას, დარტყმის ტალღამ ელექტროსადგურის შენობები დააზიანა

უკრაინულმა სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომმა“ რუსეთი სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის დაბომბვაში დაადანაშაულა. აღნიშნული შესახებ კომპანიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„დღეს, 2022 წლის 19 სექტემბერს, 00:20 საათზე, რუსეთის არმიამ რაკეტები ესროლა სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ინდუსტრიულ ზონას. ძლიერი აფეთქება სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორებიდან სულ რაღაც 300 მეტრში მოხდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ენერგოატომში“ აღნიშნავენ, რომ დარტყმის ტალღამ ატომური ელექტროსადგურის შენობები დააზიანა, ჩაიმტვრა 100-ზე მეტი ფანჯარა. ამასთან, გამოირთო სამხრეთ უკრაინის ენერგოკომპლექსის შემადგენლობაში შემავალი ალექსანდროვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის ჰიდროაგრეგატი, ასევე გამორთულია სამი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი.

მათი ინფორმაციით, სადგურის თანამშრომლებს შორის მსხვერპლი არ ყოფილა.

კომპანიის განცხადებით, რუსების ბირთვული ტერორიზმის აქტები საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს და ისინი სასწრაფოდ უნდა შეწყდეს ახალი კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.