„ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და პროფკავშირებს შორის მედიაცია გაგრძელდება
„ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და პროფკავშირებს შორის მედიაცია გაგრძელდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მიხეილ ბოცვაძე აცხადებს, რომ კომპანიასთან დაკავშირებული პროცესი მათი იმიჯის დაზიანებას ისახავს მიზნად. კომპანიაში მიესალმებიან საკითხზე მედიაციის პროცესის დაწყებას.

„ეს იყო ორგანიზებული პროცესი, რომელიც მიზნად ისახავდა კომპანიის იმიჯის დაზიანებას, თუმცა პროცესს ჰქონდა პრაქტიკულად ნულოვანი მხარდაჭერა ჩვენს თანამშრომლების შორის. მეორე მხრივ, ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ჩვენი თანამშრომლების პირობები არის კარგი ან ჩვენ ვერ ვხედავთ ხარვეზებს ამ კუთხით. უფრო მეტად ეს იმის დამსახურებაა, რომ ჩვენმა თანამშრომლებმა სწორად შეაფასეს ობიექტური ვითარება, რადგან იციან, რომ სამართლიანად ნაწილდება ის შემოსავლები, რომლებიც განგვესაზღვრება ტარიფით. ამ მხარდაჭერის სანაცვლოდ, ჩვენ, მენეჯმენტს გვეკისრება უფრო მეტი ვალდებულება, რომ მომავალში ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილების თუ ტარიფის ფორმირების პროცესში ვიყოთ უფრო კატეგორიული, ვისაუბროთ უფრო ხმამაღლა და დავიცვათ კომპანია იმ უსამართლო დამოკიდებულებისგან თუ სხვადასხვა ექსპერიმენტებისგან, როგორებიც არაერთგზის განხორციელებულა ჩვენს მიმართ. საბოლოო მიზანი არის, რომ ბოლო-ბოლო მოგვეცეს საშუალება, ერთი მხრივ, ჩვენს აბონენტს გავუწიოთ ისეთი ხარისხის მომსახურება, როგორიც გვსურს, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენი თანამშრომელი იყოს სათანადოდ სოციალურად დაცული“, – განაცხადა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები დღეს კომპანიის პროფკავშირის წარმომადგენლებსა და თანამშრომლებს შეხვდნენ, რომლებმაც ხელფასების გაზრდის მოთხოვნით აქცია გამართეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პროფკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკება ვერ შედგა და ისინი ბრძოლას გააგრძელებენ. „თუ მედიაციის პროცესი უშედეგო იქნება, მოვემზადებით გაფიცვისთვის“, – აცხადებენ პროფკავშირებში.