„ენერგო პრო ჯორჯიას“ რეგულირების მენეჯერი - ღმერთმა ქნას, ეს დადგენილი ტარიფი იყოს ადეკვატური
ღმერთმა ქნას, ვცდებოდეთ და ეს დადგენილი ტარიფი იყოს ადეკვატური, – ამის შესახებ „ენერგო პრო ჯორჯიას” რეგულირების მენეჯერმა, ილია მათიაშვილმა სემეკ-ის სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა.
დღევანდელ სხდომაზე სემეკ-მა მხარი დაუჭირა „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტებისთვის ტარიფების გაზრდას. მომატებული გადასახადი 2018 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება და 2020 წლის ბოლომდე იქნება ძალაში.
ილია მათიაშვილის თქმით, მათ აქვთ ბევრი შეუთანხმებელი საკითხი, რომელსაც გაანალიზება სჭირდება.
„ჩვენ გვაქვს ბევრი შეუთანხმებელი საკითხი. აქედან გამომდინარე, დადგენილ ტარიფს სჭირდება გაანალიზება, რამდენად ადეკვატურია ჩვენი მოთხოვნები. ახლა დეტალებზე საუბარი არ იქნება მიზანშეწონილი იმიტომ, რომ ოთხსაათიანი სხდომა იყო და იქ ვაყენებდით ბევრ საკითხს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჩვენი მოთხოვნა იყო უფრო მეტი. ჩვენ ვამბობთ, რომ გვაქვს შეუთანხმებელი საკითხები. აქედან გამომდინარე, ტარიფს სჭირდება გაანალიზება. ღმერთმა ქნას, ვცდებოდეთ და ეს დადგენილი ტარიფი იყოს ადეკვატური“, – განაცხადა მათიაშვილმა.