„ენერგო-პრო ჯორჯია“ - მესტიის რაიონში ელექტროენერგიის მომხმარებამ კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბა
„ენერგო-პრო ჯორჯია“ - მესტიის რაიონში ელექტროენერგიის მომხმარებამ კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბა

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მესტიის რაიონის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის გასამმაგებულია. მოხმარების ზრდა გასულ წლებშიც ფიქსირდებოდა, თუმცა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ელექტროენერგიის მოხმარება კრიტიკულად გაიზარდა, – ამის შესახებ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ბოცვაძემ დღეს რუსთავში რეგიონალური მედიისთვის 2019 წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

მისივე ინფორმაციით, 2019 წლის დეკემბერში მესტიის რაიონმა მოიხმარა იმდენივე ელექტროენერგია, რაც იმავე პერიოდში ერთად აღებულმა 19 რაიონის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებმა, ეს რაიონებია: ამბროლაური, ასპინძა, ონი, თიანეთი, დმანისი, აბაშა, ხარაგაული, ვანი, ჩხოროწყუ, ცაგერი, ლენტეხი, თეთრიწყარო, ყაზბეგი, ჩოხატაური, ბაღდათი, ქედა, შუახევი, წალკა და ხონი.

„ელექტროენერგიის ესოდენ გაზრდილი მოხმარება, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ქსელის მდგომარეობას და მომხმარებელთა უსაფრთხოებას. იმის გათვალისწინებით, რომ მაღალი ძაბვის არაერთი ქვესადგური თუ მაღალი ძაბვის ხაზი დატვირთულია 100 პროცენტით და მეტით, აშკარაა იმის საფრთხე, რომ მოხდეს მათი მწყობრიდან გამოსვლა, რაც ავტომატურად გამოიწვევს მესტიაში ათასობით აბონენტის ენერგომომარაგების ხანგრძლივ შეზღუდვას“, – აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

კომპანიის ცნობით, მათ მიერ წარმოებული ანალიზი ადასტურებს, რომ მოხმარების დრამატული ზრდის მიზეზი არის კრიპტივალუტის მწარმოებელი, საშუალო თუ მცირე ფერმების მესტიაში გადატანა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვალუტის ღირებულების შემცირების გამო, მათ აბსოლუტურ უმრავლესობას შეწყვეტილი აქვს ელექტროენერგიის მიწოდება კომპანიის სხვა მომსახურების ცენტრებში.

„ამავდროულად, მიუხედავად მცდელობისა, კომპანია ვერ ახერხებს, მესტიის რაიონში განახორციელოს საბალანსო აღრიცხვის წრედების დამონტაჟება, რაც მარტივად უზრუნველყოფდა გაზრდილი მოხმარების კონტროლს და ქსელზე არალეგალურად მიერთებული მომხმარებლების გამოვლენას“, – აღნიშნავენ კომპანიაში.

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მიხეილ ბოცვაძე აცხადებს, რომ კომპანია განაგრძობს ანალიზს, დაკვირვებას და კონკრეტული ქმედებების განხორციელებას ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოსვლისა თუ მასშტაბური ავარიების პრევენციის მიზნით. რაც შეეხება სამომავლო ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, კომპანია ამუშავებს კომპლექსურ გეგმას იმის შესახებ თუ როგორ გამოსწორდეს მდგომარეობა, გამოვლინდეს ყველა არაკეთილსინდისიერი მომხმარებელი, რომელთა მავნებლურმა ქმედებებმაც უკვე სერიოზული ზიანი მიაყენეს ზემო სვანეთის მკვებავი ქსელს, რეგიონი გაწირეს ჩაბნელებისთვის და საფრთხის ქვეშ დააყენეს დასახლებული პუნქტების ელექტრომომარაგება.

„დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში მოვახდინეთ რისკის იდენტიფიცირება, გაზრდილი მოხმარების გაანალიზება და ადგილობრივი სამართალდამცველ სტრუქტურებთან კოორდინირებული ქმედებების შედეგად, უკვე აღმოჩენილია არაერთი მსხვილი დატაცების ფაქტი, თუმცა კიდევ ბევრი ლოკაციაა, სადაც არსებობს მსგავსი პრობლემა და დაწყებული პროცესის გაგრძელდება კრიტიკულად აუცილებელია.

შეგვიძლია, დავასკვნათ რომ კრიზისიდან უკვე გამოვედით, რეგიონი სტაბილურად მარაგდება ელექროენერგიით, შეუფერხებლად მიმდინარეობს საკურორტო სეზონი, თუმცა მდგომარეობის სრულად დასტაბილურებას კიდევ სჭირდება მოქმედება. აუცილებლად მოწესრიგდება ყველა კომერციული მომხმარებლის მრიცხველი, აგრეთვე განხორციელდება საბალანსო აღრიცხვის წრედების მონტაჟი სატრანსფორმატორო პუნქტებზე, რათა მომავალში უფრო მარტივად მოხდეს კრიპტოვალუტის მწარმოებელი თუ კომერციული ორგანიზაციების მიერ არალეგალური მოხმარების აღმოჩენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება“, – განაცხადა მიხეილ ბოცვაძემ.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ „ენერგო-პრო ჯგუფი“ უკვე 13 წელია, სრულად საკუთარი დაფინანსებით, უსასყიდლოდ აწვდის ელექტროენერგიას ზემო სვანეთის მოსახლეობას, ამ წლების განმავლობაში უკვე უსასყიდლოდ მიწოდებულია 588 მილიონი კვტ/სთ, რომლის ღირებულება დაახლოებით 50 მილიონ ლარს აჭარბებს.

„ხაზგასასმელია რომ ყოველი მიწოდებული კილოვატსაათი კომპანიის მიერ შესყიდულია სხვადასხვა მომწოდებლისგან, გადახდილია ყველა მოსაკრებელი და გადასახადი“, – აღნიშნავენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

დატოვე კომენტარი