„ენერგო-პრო ჯორჯია“ - მესტიის რაიონის მაღალი ძაბვის ცენტრალურ ქვესადგურში მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი შევიდა და მათი მოთხოვნის შესაბამისად, მორიგე იძულებული გახდა, ქვესადგური გაეთიშა
„ენერგო-პრო ჯორჯია“ - მესტიის რაიონის მაღალი ძაბვის ცენტრალურ ქვესადგურში მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი შევიდა და მათი მოთხოვნის შესაბამისად, მორიგე იძულებული გახდა, ქვესადგური გაეთიშა

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მესტიაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. კომპანიაში განმარტავენ, რომ მესტიის ცენტრი და გარკვეული სოფლები სამწუხაროდ შობას ელექტროენერგიის გარეშე შეხვდნენ, რაც არ იყო გამოწვეული კომპანიის ქსელში არსებული ავარიით.

„მესტიის რაიონის მაღალი ძაბვის ცენტრალურ ქვესადგურში, უსაფრთხოების ნორმების სრული იგნორირებით, შევიდა ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი, მათი მოთხოვნის შესაბამისად, მორიგე იძულებული გახდა, მოეხდინა ქვესადგურის სრული გათიშვა.

აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი ასეთი ინციდენტი, პირველ რიგში, საფრთხეს უქმნის მაღალი ძაბვის ქვესადგურში თვითნებურად შესული მოქალაქეების სიცოცხლეს და მეორე რიგში, მსგავს პირობებში მანიპულირებამ, მაღალი ძაბვის ქსელში შესაძლოა, გამოიწვიოს ისეთი დაზიანება, რომლის აღდგენასაც რამდენიმე კვირა დასჭირდება.

კომპანიამ არაერთგზის განაცხადა, რომ მესტიაში ენერგეტიკული კუთხით შექმნილი ვითარება არის ძალიან მძიმე და ამ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს კრიპტოვალუტის ღირებულების ზრდა.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ სთხოვს მესტიის რაიონის ყველა მოსახლეს, გამოიჩინოს თავშეკავება მსგავსი არამართლზომიერი და მათსავე სიცოცხლისთვის სარისკო ქმედებებისგან, რათა გამოირიცხოს ტრაგიკული შემთხვევები.

კომპანია აგრეთვე ადასტურებს, რომ არსებობს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს მდგომარეობის დასტაბილურება და მნიშვნელოვნად გამოსწორება მთელი რაიონის მასშტაბით, ასევე როგორ უნდა მივაღწიოთ იმ შედეგს, რომელიც სხვა ყველა მომსახურების ცენტრში უკვე მრავალი წელია, მიღწეულია. კომპლექსური ქმედებების კვლავ გადავადება გარანტირებულად გამოიწვევს მძიმე შედეგებს, რაზედაც „ენერგო-პრო ჯორჯია“ იხსნის პასუხისმგებლობას“, – აცხადებენ კომპანიაში.