„ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებს, რომ ჭუბერის თემში ელექტროენერგიის მიწოდება უახლოეს მომავალში განახლდება
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებს, რომ ჭუბერის თემში ელექტროენერგიის მიწოდება უახლოეს მომავალში განახლდება

სვანეთში, სტიქიის გამო ელექტროენერგიის მასშტაბური წყვეტა არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ჭუბერში ადიდებულმა მდინარემ მაღალი ძაბვის, 10 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა, რის გამოც, ელექტროენერგია მხოლოდ ჭუბერის თემს არ მიეწოდება.

კომპანიის ინფორმაციით, ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ტექნიკურმა სამსახურმა, დაზიანების ნაწილის იდენტიფიცირება უკვე მოახერხა და აბონენტების დიდი ნაწილისთვის უახლოეს მომავალში აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება. ასევე, აღდგენით სამუშაოებში დამატებით ჩაერთო კომპანიის მესტიის მომსახურების ცენტრის ტექნიკური ჯგუფი. სამუშაოები დაზიანების სრულად აღმოფხვრამდე გაგრძელდება.

უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. სოფელი ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები და ორი სახლი წაიღო.