ენერგეტიკული გარდაქმნის კორეული მოდელი - კუნძული ჯეჯუ 2035 წლისთვის ნახშირბადისგან გათავისუფლებას აპირებს — #1tvმეცნიერება
ენერგეტიკული გარდაქმნის კორეული მოდელი - კუნძული ჯეჯუ 2035 წლისთვის ნახშირბადისგან გათავისუფლებას აპირებს — #1tvმეცნიერება

მდგრად ენერგიაზე გადასვლა არა არჩევანი, არამედ გადარჩენისთვის აუცილებელი გზაა, – ეს სამხრეთ კორეის კუნძულ ჯეჯუს სლოგანია. კუნძულ ჯეჯუს ამბიციური გეგმა აქვს და პროვინციის მიზანი 2035 წლის ბოლომდე ნახშირბადის ნეიტრალურობის დონის მიღწევაა. ნახშირბადის ნეიტრალურობა (Carbon Neutrality) გულისხმობს ატმოსფეროში გამოყოფილი ნახშირორჟანგის დაბალანსებას იმავე რაოდენობის ნახშირორჟანგის შთანთქმით ისე, რომ საბოლოო ემისია ნულოვანი იქნება.

ჯეჯუს მიზნის მისაღწევად სპეციალურად შემუშავებული ინიციატივა – ნახშირბადისგან თავისუფალი კუნძული (CFI – carbon free island) აქვს, რომელიც მდგრადი, სუფთა ენერგიის გამოყენებაზე გადასვლას გულისხმობს. პროვინციის მთავრობამ ცენტრალურ ხელისუფლებასა და ჯეჯუს ენერგიის კორპორაციასთან თანამშრომლობით ამ მხრივ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამ მხრივ წყალბადის, როგორც ენერგიის მდგრადი წყაროს გამოყენებაა. წყალბადი, რომელიც ნავთობისა და ქვანახშირის სუფთა ალტერნატივად განიხილება, განახლებადი ენერგიის მისაღებად ჯეჯუზე აქტიურად გამოიყენება. ჯეჯუზე გამოიყენება მწვანე წყალბადი, რომელიც წყლის ელექტროლიზის გზით მიიღება; ამ პროცესში გამოყენებული ელექტროენერგია წარმოებულია განახლებადი ენერგიის წყაროებით (მაგალითად, მზის ან ქარის ენერგიით) გარემოს დაბინძურების გარეშე. ჯეჯუს ენერგიის კორპორაციის მონაცემებით, 2024 წელს კუნძულზე 29 ტონა მწვანე წყალბადი იქნა მიწოდებული 3 670 სატრანსპორტო საშუალებისთვის.

კუნძულის მცხოვრებლებს როგორც მწვანე წყალბადზე მომუშავე საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, ასევე პირადი ავტომობილების ყოლა შეუძლიათ. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, ამ ეტაპზე კუნძულზე მწვანე წყალბადზე მომუშავე 18 საზოგადოებრივი ავტობუსი მოძრაობს.

განახლებად ენერგიაზე მომუშავე ტრანსპორტისთვის კუნძულზე შესაბამისი სადგური ფუნქციონირებს, რომელზეც ავზის მწვანე წყალბადით ავსებაა შესაძლებელია. ჰამდოკის მწვანე წყალბადით დამტენი სადგური სამხრეთ კორეაში პირველი მსგავსი სადგურია. იგი ექსპლუატაციაში 2023 წლის 27 აგვისტოს შევიდა. სადგურზე 1 კგ. წყალბადის ფასი 10 აშშ დოლარია, ხოლო 1 კგ. წყალბადით საშუალოდ 100 კილომეტრის გავლაა შესაძლებელი.

წყალბადზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალება ავზში ჩატვირთული წყალბადისა და ჰაერში არსებული ჟანგბადის ურთიერთქმედებით წარმოქმნის ელექტროენერგიას, რომელიც ძრავს ამუშავებს. ეკოლოგიური თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მწვანე წყალბადზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალება ნახშირბადს არ გამოყოფს.

კუნძული ჯეჯუს სამხრეთ კორეის ეკოლოგიურ ჰაბად მოიხსენიებენ და ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს განახლებადი ენერგიის გამოყენების პოპულარიზაციას და ნახშირბადის ემისიის შემცირებას. ამ მიზნით ცენტრალური ბიუჯეტიდან მწვანე წყალბადზე მომუშავე მანქანების სუბსიდირება მიმდინარეობს. ერთი მანქანის ღირებულება კი დაახლოებით 47 ათასი აშშ დოლარია. შესაბამისად, სუბსიდირების პროგრამით, მსურველებს მწვანე წყალბადზე მომუშავე ავტომობილის შეძენა ნახევარ ფასად შეუძლიათ.

განახლებული ენერგიის წარმოების კუთხით ჯეჯუზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქარის ელექტროსადგურებს. კუნძულზე, როგორც ნაპირთან, ისე ზღვაში მდებარე ქარის ელექტროსადგურებია. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰალიმის ქარის საზღვაო ელექტროსადგურია, რომელიც უდიდესია მთელ კორეაში. ელექტროსადგური 18 გენერატორს აერთიანებს. ერთი ტურბინა საშუალოდ საათში 5.56 მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებს, ხოლო საერთო ჯამში ქარის საზღვაო ელექტროსადგურს საათში 150.08 მეგავატი ენერგიის წარმოება შეუძლია. პროექტის მთლიანი ინვესტიცია კი 630.3 მილიარდ კორეულ ვონს შეადგენს, რაც დაახლოებით 443 მილიონი აშშ დოლარია.

კუნძული ჯეჯუს მიზანი 2035 წლის ბოლომდე ნახშირბადის ნეიტრალური დონის მიღწევაა. ენერგიის გადასვლის პროცესის გეგმის თანახმად, 2035 წლისთვის კუნძულზე მოხმარებული ენერგია მთლიანად სუფთა უნდა იყოს. კერძოდ, ენერგიიდან 30% მწვანე წყალბადი, ხოლო 70% განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგია. ადგილობრივ ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ ნახშირბადის ნეიტრალურობის მიღწევა სრულად შესაძლებელია, ამისთვის კი აუცილებელია შესაბამისი უწყებების კოორდინირებული თანამშრომლობა, განახლებადი ენერგიის გამომუშავებისა და მოხმარების გაზრდა. ასევე, მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა და მათი წახალისება სუფთა ენერგიაზე გადასვლის თვალსაზრისით. ჯეჯუს პროვინციის სურვილია, გახდეს მსოფლიოში პირველი ადგილი, რომელიც ნახშირბადისგან თავისუფალი იქნება.