ენერგეტიკოსი გია არაბიძე - ვფიქრობ,  ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფის ზრდა უნდა მოხდეს, რათა ენერგოსისტემამ ნორმალურად და გამართულად ფუნქციონირება შეძლოს
ენერგეტიკოსი გია არაბიძე - ვფიქრობ,  ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფის ზრდა უნდა მოხდეს, რათა ენერგოსისტემამ ნორმალურად და გამართულად ფუნქციონირება შეძლოს

დარგის უსაფრთხო მუშაობისთვის და დარგის შემდგომი განვითარებისთვის მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი უნდა გაძვირდეს -, ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ განუცხადა.

არაბიძის თქმით, მას კარგად ესმის, რომ მოსახლეობისთვის ეს მძიმე იქნება, თუმცა საჭიროა ენერგოსისტემის გამართული და უსაფრთხო მუშობისთვის.

„ეს რომ უმძიმესი იქნება ჩვენი მოსახლეობისათვის, ჩემთვის გასაგებია, მაგრამ პრაგმატულად ვსაუბრობ, როგორც ენერგეტიკოსი. ვაითუ ხვალ და ზეგ რაღაც ისეთი გამოუსწორებელი არ მოხდეს, რომ ჩვენ სერიოზული პრობლემები შეგვექმნას დარგში. მინდა, მივიდე ლოგიკურ დასკვნამდე, თუ რატომ უნდა მოხდეს ტარიფის გაზრდა და რა აუცილებლობას წარმოადგენს ეს.

პირველი – გენერაციის ტარიფი ასე თუ ისე გაიზარდა. მეორე – სემეკ-მა შეითანხმა ინვესტიციები ხუთი წლის განმავლობაში, რასაც ჭირდება დაფარვა ტარიფიდან. თუ არ იქნება ეს ინვესტიციები, მაშინ ვერ იქნება გამართული ჩვენი სისტემა. ასევე, ნებისმიერ სადგურს გაეზრდება საოპერაციო დანახარჯები მარტო ინფლაციის ხარჯზე რომ ვილაპარაკოთ. ასევე, ნელ-ნელა უკვე სერიოზულად იკლებს იაფი ელექტროენერგიის ხარჯი ჩვენს ბალანსში, „ენგური“ მაქვს მხედველობაში, იზრდება თბოელექტროსადგურებისა და იმპორტის წილი, ესეც გასათვალისწინებელია ტარიფში, რომ ბალანსი მოხდეს.

დაბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, ლარისა და დოლარის ურთიერთობა. წინა ტარიფი, რომელიც 2017 წლის ბოლოს იქნა მიღებული, დადგენილი იყო კურსზე, როცა ერთი დოლარი ღირდა 2.50 თეთრი. დღეს დოლარის ღირებულება სამი ლარი და 30 თეთრია, დაახლოებით 0.80 თეთრით არის ზრდა. ეს არის უკვე ძალიან სერიოზული განაცხადი იმისათვის, რომ კომპანიებმა შეძლონ ფუნქციონირება, რომ აი, ამ კომპონენტის გათვალისწინება მოხდეს ტარიფში, ვინაიდან კომპანიების ფინანსური მდგომარეობა არის რთული. ყველაფერი ამის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ უნდა მოხდეს ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფის ზრდა იმისათვის, რომ ენერგოსისტემამ შეძლოს ფუნქციონირება ნორმალურად და გამართულად. ძალიან უხეშად რომ ვთქვა, ეს ციფრი არაფერს არ ნიშნავს, რასაც მე ვიტყვი, რადგან შეიძლება საერთოდ აცდენილი იყოს ყველაფერს. ძლიან უხეშად რომ ვთქვა, დაახლოებით 0,3 თეთრით უნდა მოხდეს სამომხმარებლო ტარიფის გაზრდა ელექტროენერგიაზე. ეს არის უბრალოდ ჩემი გაანგარიშება და შეფასება“, – განმარტა საქართველოს პირველ არხთან საუბარში ენერგეტიკოსმა, გია არაბიძემ.