ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი - „გაზპრომის“ განცხადება ევროპაში გაზის მიწოდების  შემცირების შესახებ, პოლიტიკურად მოტივირებულია და ტექნიკური საფუძველი არ აქვს
ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი - „გაზპრომის“ განცხადება ევროპაში გაზის მიწოდების შემცირების შესახებ, პოლიტიკურად მოტივირებულია და ტექნიკური საფუძველი არ აქვს

რუსული „გაზპრომის“ განცხადება ევროპაში გაზის მიწოდების შემდგომი შემცირების შესახებ, პოლიტიკურად მოტივირებულია და ტექნიკური საფუძველი არ აქვს, – ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, კადრი სიმსონმა განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ ამის ტექნიკური მიზეზი არ არსებობს. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯი და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. სწორედ ამიტომ არის გონივრული სტრატეგია გაზზე მოთხოვნის შემცირება“, – თქვა ევროკომისარმა.

კადრი სიმსონის განცხადებით, ელოდება, რომ ენერგეტიკის მინისტრები შეთანხმდებიან ევროკავშირის საგანგებო წესებზე, რომლებიც ქვეყნებს ავალდებულებს შეზღუდონ გაზის მოთხოვნა. სიმსონმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „გაზპრომის“ განცხადება გაზის მიწოდების შემდგომი შემცირების შესახებ აიძულებს ევროკავშირს, მოემზადოს რუსეთიდან მიწოდების ნებისმიერ მომენტში შეწყვეტისთვის.

რუსულ კომპანია „გაზპრომში“ განაცხადეს, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის კიდევ ერთი ტურბინა გაჩერდა, შედეგად ევროპაში გაზის მიწოდება ორჯერ შემცირდება. ამის მიზეზად რუსულ კომპანიაში ტექნიკური სამუშაოები დაასახელეს.