ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობას მოუწოდებს, ნავთობის კრიზისის ფონზე, სახლიდან იმუშაონ და ავტომობილით ნაკლებად გადაადგილდნენ
ევროკომისიამ მოსახლეობას – სახლიდან მუშაობისკენ, ავტომობილით ნაკლებად გადაადგილებისა და ფრენების შემცირებისკენ, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებს განახლებადი ენერგიის წყაროების სასწრაფოდ დანერგვისკენ მოუწოდა, – ამის შესახებ „პოლიტიკო” წერს.
ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, დენ იორგენსენმა განაცხადა, რომ ირანის ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი ხანგრძლივ არეულობას გამოიწვევს, „რაც კოვიდპანდემიას მოგვაგონებს“.
მისივე თქმით, ევროპა „ძალიან სერიოზული სიტუაციის“ წინაშე დგას, რომლის დასასრულიც ჯერ არ ჩანს.
„მაშინაც კი, თუ ხვალ მშვიდობა იქნება, ჩვენ მაინც ვერ დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას უახლოეს მომავალში. რაც უფრო მეტს გააკეთებთ ნავთობის, განსაკუთრებით დიზელის, განსაკუთრებით თვითმფრინავის საწვავის დაზოგვისთვის, მით უკეთესად ვიქნებით“, – განაცხადა იორგენსენმა.
იორგენსენმა მოუწოდა წევრ ქვეყნებს, მიჰყვნენ საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს რჩევებს, რაც, მისი თქმით, მოიცავდა „სახლიდან მუშაობას, სადაც ეს შესაძლებელია, მაგისტრალებზე სიჩქარის შეზღუდვასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისებას“.
„ეს უნდა იყოს დრო, როდესაც საბოლოოდ შევცვლით დინებას და ნამდვილად გავხდებით ენერგეტიკულად დამოუკიდებლები“, – განაცხადა იორგენსენმა.