ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი - „ნამახვანჰესის“ პროექტის საწინააღმდეგოდ დღეს გავრცელებული ყველა ბრალდება საფუძველს მოკლებულია და მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას
ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი - „ნამახვანჰესის“ პროექტის საწინააღმდეგოდ დღეს გავრცელებული ყველა ბრალდება საფუძველს მოკლებულია და მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის, გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, დღეს ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელდა მორიგი ბრალდება „ნამახვანჰესის“ პროექტის საწინააღმდეგოდ.

ჩიქოვანი გამოეხმაურა ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც მისი თქმით, არასწორად იყო ინტერპრეტირებული იუსტიციის სამინისტროს დასკვნა „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

ჩიქოვანი აღნიშნავს, რომ რეკომენდაციები, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დასკვნაშია მოცემული, ასევე ასახულია „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულებაში.

„შესაბამისად, ყველა ის ბრალდება, რომელიც დღეს გავრცელდა, არის საფუძველს მოკლებული და მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. იუსტიციის სამინისტროს თანხმობის გარეშე ამ ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოხდებოდა“, – აღნიშნავს ჩიქოვანი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის სახელით, დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა განცხადება, რომლის თანახმადაც „ისეთი კონტრაქტის მომზადება და გაფორმება, როგორიცაა BOO (მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის) ხელშეკრულების პროექტი არაერთ ეტაპს მოიცავს. ენერგეტიკის განვითარების ფონდში აღნიშნავენ, რომ არამართებულია დღეს გავრცელებული დოკუმენტების სპეკულატიურად, სათანადო კონტექსტის გარეშე აღქმა.

„იუსტიციის სამინისტრომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე მოამზადა ხელშეკრულების იურიდიულ ასპექტთან დაკავშირებული შენიშვნები, რომელიც არ ეხებოდა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ ნაწილს. შენიშვნებთან დაკავშირებით მომზადდა მეორე დოკუმენტი – „შეთანხმების ფურცელი”, რომელიც განიხილა მთავრობამ და რომელსაც დაეთანხმა იუსტიციის სამინისტროც. იუსტიციის სამინისტროს საბოლოო თანხმობის და ვიზირების გარეშე მთავრობა ვერ გააფორმებდა საბოლოო ხელშეკრულებას“, – აცხადებენ ფონდში.

ფონდის განცხადების მიხედვით, „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულება პასუხობს ყველა აუცილებელ სტანდარტს და კანონის მოთხოვნას.

„ნამახვანჰესის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩართულ მხარეებს მოვუწოდებთ გავრცელებული დოკუმენტების გამოყენებით და სპეკულაციით ნუ გააჩენენ საზოგადოებაში მცდარ განცდებს, თითქოსდა რაიმე საიდუმლოსთან ან მხილებასთან გვაქვს საქმე. იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტში შემავალი ყველა სავალდებულო შენიშვნა დადებული ხელშეკრულების საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებულ იქნა, ხოლო არასავალდებულო შენიშვნებთან დაკავშირებით სხვადასხვა დასაბუთებაზე მიღებული გადაწყვეტილება დადგა, რაც ასახულია შენიშვნების ფურცელში“, – აღნიშნულია საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი განცხადებაში.