ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი აცხადებს, რომ საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი იზრდება, რაც საფრთხეს უქმნის ენერგოუსაფრთხოებას
ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი აცხადებს, რომ საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი იზრდება, რაც საფრთხეს უქმნის ენერგოუსაფრთხოებას

ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი განმარტავს, რომ ახალციხის ქვესადგურში მუდმივი დენის ჩანართში მომხდარი ავარიული გამორთვის გამო შეწყდა იმპორტი თურქეთიდან და ენერგომომარაგება შეეზღუდა საქართველოს მომსახლეობას: ქალაქ თბილისს, ზუგდიდს, ზესტაფონს, მარნეულს, კახეთის და აჭარის რეგიონს.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ელექტრომომარაგება ქვეყნის მაშტაბით სრულად არის აღდგენილი.

ჩიქოვანმა დეტალურად ისაუბრა იმ მიზეზებზე, რამაც ავარიული გამორთვა გამოიწვია.

„იმ დროისთვის საქართველოს მოხმარება იყო 1800 მეგავატი, აქედან 60 პროცენტი მოდიოდა იმპორტზე, ეს არის უპრეცედენტო მოცულობებები იმპორტის შემცირებული გენერაციის გამო. იმპორტი ხორციელდებოდა სამი ქვეყნიდან – რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან, შესაბამისად, ამ გაზრდილი მოცულობის გამო, როდესაც ასეთი სიტუაცია არის, ერთ ხაზზე პატარა ავარიაც კი იწვევს მომხმარებლის ავტომატურ რეჟიმში გათიშვას. ამ დროისთვის ელექტრომომარაგება ქვეყნის მაშტაბით სრულიად არის აღდგენილი და იმედი გვაქვს, რომ ასეთი შემთხვევები აღარ მოხდება.

ჩვენი მოხმარება 2010 წლიდან დაახლოებით 5 პროცენტით იზრდება, იმპორტი 7.5-ჯერ არის გაზრდილი 2010 წელთან შედარებით, მოხმარება იზრდება, ჩვენი გენერაცია ვერ ეწევა ამ მოხმარებას, შესაბამისად, იზრდება იმპორტი. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ჩვენ უფრო დიდი იმპორტის რისკის ქვეშ დავდგებით და გაზრდილი იმპორტი საფრთხეს უქმნის ჩვენს ენერგოუსაფრთხოებას.

ზოგადად, ამ პერიოდში არის წყალმცირობა, ამას თან დაერთო ენგურის რეაბილიტაცია. როგორც მოგეხსენებათ, მაისში მთავრდება და ამ ყველაფერმა ერთად გამოიწვია ავარიული გამორთვა, თუმცა ნახევარ საათში თბილისს აღუდგა მიწოდება და სადღაც 45 წუთში მთლიანად საქართველოს ყველა მომხმარებელს“, – განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.