ნიუ იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო - როგორი უგუნური, უპასუხისმგებლო, მდაბიო და უხეშია ტრამპი
ნიუ იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბოდიში უნდა მოიხადოს „ტვიტერში“ გავრცელებული იმ განცხადების გამო, რომელშიც ვარაუდი გამოთქვა, რომ ბუფალოში პოლიციის მიერ წაქცეული 75 წლის დემონსტრანტი შესაძლოა, ულტრამემარცხენე მოძრაობის „ანტიფას“ პროვოკატორი ყოფილიყო. აშშ-ის პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ მომხდარი ინციდენტი დადგმული ყოფილიყო.
„როგორი უგუნური, როგორი უპასუხისმგებლო, როგორი მდაბიო, როგორი უხეშია. მან ამ „ტვიტისთვის“ ბოდიში უნდა მოიხადოს“, – განაცხადა ენდრიუ კუმომ.
ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა ქვეყნის პრეზიდენტის მოსაზრებას დასაგმობი და სულელური უწოდა.
„თქვენ ფიქრობთ, რომ სისხლი, რომელიც მისი თავიდან მოსდის, დადგმულია? თქვენ დაინახეთ, რომ მან თავი ქვაფენილს დაარტყა, თქვენ ხედავთ სისხლს ქვაფენილზე“, – აღნიშნა კუომომ.
ბუფალოში 4 ივნისს გამართულ დემონსტრაციაზე პოლიციელებმა ხელი ჰკრეს მათთან მიახლოებულ 75 წლის დემონსტრანტს, რომელიც დაეცა. ინციდენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა. მომხდარის გამო, პოლიციის ორ თანამშრომელს უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა.