ენდიაი - გამოკითხულთა 21 პროცენტი ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 15 პროცენტი - „ნაციონალური მოძრაობა“
ენდიაი - გამოკითხულთა 21 პროცენტი ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 15 პროცენტი - „ნაციონალური მოძრაობა“

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 37 პროცენტი პასუხობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.

კითხვაზე – „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს“  პასუხები პირველი არჩევანის შემთხვევაში ასე ნაწილდება: „არც ერთი პარტია“ – 37 პროცენტი, „ქართული ოცნება“ – 21 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 15 პროცენტი, „არ ვიცი“ – 6 პროცენტი, „უარი პასუხზე“ – 6 პროცენტი, „ევროპული საქართველო“ – 4 პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“  – 3 პროცენტი, „სხვა“ – 8 პროცენტი.

დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ მედიას 2019 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინეს.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

„ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.