„ენდიაი“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარადგენს
„ენდიაი“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარადგენს

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) და CRRC–საქართველო დღეს მედიას 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ.

კვლევის ავტორების ინფორმაციით, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ეკონომიკასთან, ჯანდაცვასთან, ქალების პოლიტიკურ მონაწილეობასთან და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული მიგნებები.

როგორც „ენდიაიში“ აცხადებენ, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

კვლევის პოლიტიკური ნაწილი 19 სექტემბერს გამოქვეყნდება.

„ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კვლევის პირველი ნაწილის პრეზენტაცია დღეს, 10:00 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება.