ენდიაი - გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის გადადგომაზე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება უმეტესად პოლიტიკური ინტერესებით იყო განპირობებული
ენდიაი - გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის გადადგომაზე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება უმეტესად პოლიტიკური ინტერესებით იყო განპირობებული

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში ყურადღება ანაკლიის პორტის პროექტზეცაა გამახვილებული,

კითხვაზე, „გსმენიათ თუ არა ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ“, გამოკითხულთა 76 პროცენტი პასუხობს, რომ „დიახ“, 21 პროცენტი – „არა“. იმ 76 პროცენტიდან კი, ვისაც პროექტის შესახებ სმენია, 85 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს პროექტი საქართველოსთვის „იქნება სარგებლის მომტანი“, ხოლო მათგან 4 პროცენტი პასუხობს, რომ „არ იქნება სარგებლის მომტანი“.

ამასთან, კვლევაში  „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელების, მამუკა ხაზრაძისა და ბადრი ჯაფარიძის შესახებაც არის კითხვა დასმული – „ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ ორ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გადადგომისკენ მოუწოდა 2008 წელს ფულის გათეთრების ბრალდებასთან დაკავშირებით. იცოდით თუ არა ამის შესახებ“. აღნიშნულ კითხვაზე 68 პროცენტი პასუხობს, რომ „დიახ“, 27 პროცენტი  -„არა“. იმ 68 პროცენტიდან, ვისაც სმენია „თიბისი ბანკის“ ლიდერების გადადგომის შესახებ 16 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება იყო „უმეტესად დამოუკიდებელი გამოძიებით განპირობებული“, ხოლო 62 პროცენტი ფიქრობს, რომ ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება იყო „უმეტესად პოლიტიკური ინტერესებით განპირობებული“.

დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ მედიას 2019 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინეს.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

„ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.