ენდიაი - ბოლო 10 წლის მანძილზე 25 პროცენტამდე ჩამოვიდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება
ენდიაი - ბოლო 10 წლის მანძილზე 25 პროცენტამდე ჩამოვიდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე, 25 პროცენტამდე ჩამოვიდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

გამოკითხულთა 26 პროცენტის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება, 46 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება და ეს ბოლო წლების კვლევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ პოლიტიკოსები, რუსეთი, არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, მედია და ქვეყნის ლიდერები ხელს უწყობენ საზოგადოების დაყოფასა და პოლარიზაციას. 81 პროცენტი ფიქრობს, რომ ამის მიზეზი პოლიტიკოსები არიან, 73 პროცენტი რუსეთს ასახელებს, პოლარიზაციის საფუძვლად ეკონომიკურ სისტემას მიიჩნევს 73 პროცენტი, ხოლო მედიას 72 პროცენტი.

კვლევის მიხედვით, ეკლესიას საზოგადოების გამაერთიანებლად მიიჩნევს გამოკითხულთა 62 პროცენტი. ეკლესიას ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებაში. ეკლესიის საქმიანობას დადებითად ჯამში 61 პროცენტი აფასებს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC-საქართველო 2019 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარადგინა.

აღნიშნული კვლევა, 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.