ენდი რუისი ოლიმპიადაზე გამოსვლას ვერ შეძლებს
ენდი რუისი ოლიმპიადაზე გამოსვლას ვერ შეძლებს

სუპერმძიმე წონაში სამი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა ენდი რუისმა, შესაძლოა ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მოკრივე 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მექსიკის სახელით გამოვა.

რუისი WBA-ის, WBO-სა და IBF-ის საჩემპიონო ქამრების მფლობელია. ამასთან, წყაროს ცნობით, რუისი ვერ შეძლებს WBC-ის ტიტულისთვის ბრძოლას იმ შემთხვევაში, თუ ოლიმპიურ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას. დღეისთვის, WBC-ის ჩემპიონი ამერიკელი დეონტეი უაილდერია, რომელთან ბრძოლას რუისი 2020 წელს აპირებს.

„WBC კატეგორიულად ეწინააღმდეგება პროფესიონალი მოკრივეების მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებში. ეს დაუშვებელია, ამის წინააღმდეგ გამოდიან ფანები და ექსპერტები. ოლიმპიური თამაშები განკუთვნილია მოყვარულებისთვის. ჩვენ ორ სხვადასხვა სახეობაზე ვლაპარაკობთ. თუ ნებისმიერი პროფესიონალი მოკრივე მონაწილეობას მიიღებს ოლიმპიადაში, ჩვენ მას მინიმუმ ორწლიან დისკვალიფიკაციას მივცემთ“, – განაცხადა WBC-ის პრეზიდენტმა მაურისიო სულეიმანმა.

ადრე რუისმა გამოაცხადა, რომ სურს მექსიკის სახელით ოლიმპიადაზე გამოსვლა, თუმცა ეს შეტყობინება მალე წაშალა.