ენდი მარეი კორტზე 2021 წელს დაბრუნდება
ენდი მარეი კორტზე 2021 წელს დაბრუნდება

„დიდი სლემის“ ტურნირების სამგზის ჩემპიონმა ენდი მარეიმ, რომელმაც ორი კვირის წინ, კიოლნის ტურნირში კუნთის ტრავმის გამო არ ითამაშა, მიმდინარე სეზონის დარჩენილი ნაწილის გამოტოვება გადაწყვიტა. როგორც Tennis 365 წერს, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი არ ითამაშებს სოფიას ღია პირველობაში, რომელიც 7-14 ნოემბერს ბულგარეთში გაიმართება. ბრიტანელს სურს, სრულად კონცენტრაცია 2021 წლის სეზონში გამოსვლაზე გადაიტანოს.

33 წლის ჩოგბურთელი ლონდონში, დიდი ბრიტანეთის ეროვნულ საჩოგბურთო ცენტრში ვარჯიშობს. მარეი იმედოვნებს, რომ შეძლებს ოპტიმალურ ფორმაში შესვლას და გაუძლებს მომავალი წლის მჭიდრო გრაფიკს. პირველი ტურნირი, რომელშიც მარეის მონაწილეობის მიღება სურს, ავსტრალიის ღია პირველობაა, რომელიც 20 იანვარს დაიწყება. თუმცა, ენდი მელბურნში უკვე დეკემბრის შუა რიცხვებში ჩავა, რათა მოასწროს ვარჯიში ორკვირიანი კარატინის გავლის შემდეგ, რაც ნებისმიერი ჩოგბურთელისთვის აუცილებელი ნორმა იქნება.