ენდი ბერნემი – ჩვენ ესპანეთის მთავრობასთან ვამყარებთ კონტაქტს, რათა მათ დახმარება გავუწიოთ

19:26, 31.07.2026

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ ესპანეთში მიგრანტთა შემოსვლასთან დაკავშირებული ვითარება „შემაშფოთებელია“.

მისივე თქმით, ბრიტანეთის მთავრობამ მადრიდთან კონტაქტი დაამყარა, რათა სიტუაციის შედეგები გაერკვია და საჭიროების შემთხვევაში დახმარება გაეწია.

„რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში ესპანეთის მთავრობის საკითხია, თუმცა შეშფოთების საფუძველს იძლევა. ჩვენ ესპანეთის მთავრობასთან ვამყარებთ კონტაქტს, რათა მათ დახმარება გავუწიოთ“, – აღნიშნავს ბერნემი.

„როიტერი“ წერს, რომ ბრიტანეთი წლების განმავლობაში ცდილობს, საკუთარ სანაპიროებზე უკანონო მიგრანტების შემოსვლა შეაჩეროს. 2025 წელს ინგლისის სამხრეთ სანაპიროზე მცირე ზომის ნავებით დაახლოებით 41 ათასი ადამიანი ჩავიდა.

როგორც ბერნემი აღნიშნავს, მთავრობა პროგრესს აღწევს – საზღვრის გადაკვეთის შემთხვევათა რაოდენობა იკლებს, ხოლო ბრიტანეთიდან გაძევებულ პირთა რაოდენობა იზრდება.

ცნობისთვის, ესპანეთის უსაფრთხოების ძალების წინასწარი შეფასებით, ბოლო 24 საათში ესპანეთის ჩრდილოაფრიკულ ანკლავ სეუტაში მაროკოდან დაახლოებით 49 ათასი მიგრანტი შევიდა, მათგან, სულ მცირე, შვიდი ათასი არასრულწლოვანია. ამასთან, „ესოშიეთიდ პრესის“ ცნობით, ესპანეთის ანკლავ სეუტაში მოხვედრის მცდელობისას, სულ მცირე, 18 მიგრანტი დაიღუპა.

მსგავსი