„ენბისის“ ცნობით, აშშ-ის ხელისუფლება კურსკის ოლქში უკრაინის ოპერაციის გამო შეშფოთებულია

13:32, 22.08.2024
FILE PHOTO: A crossing point on the border with Russia a is seen, amid Russia's attack on Ukraine, near the Russian border in Sumy region, Ukraine August 11, 2024. REUTERS/Viacheslav Ratynskyi/File Photo

FILE PHOTO: A crossing point on the border with Russia a is seen, amid Russia's attack on Ukraine, near the Russian border in Sumy region, Ukraine August 11, 2024. REUTERS/Viacheslav Ratynskyi/File Photo

„ენბისის“ ცნობით, აშშ-ის ხელისუფლება კურსკის ოლქში უკრაინის ოპერაციის გამო შეშფოთებულია.

როგორც ტელეკომპანია იუწყება, ამერიკელი ოფიციალური პირები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ კურსკის ოლქში ოპერაცია თუ გაგრძელდება, არსებობს საფრთხე, უკრაინის ძალები ზედმეტად გაიშალონ.

„ენბისის“ ინფორმაციით, რუსეთი ამჟამად ცდილობს, ეფექტური პასუხი გასცეს უკრაინის მოულოდნელ შეტევას კურსკის ოლქში, რამაც მოსკოვი აიძულა, საკუთარი ტერიტორიის თავდაცვის გასაძლიერებლად საჯარისო ნაწილების ნაწილი უკრაინიდან გაეყვანა. თუმცა, ერთ-ერთი ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, უკრაინიდან გაყვანილი რუსული ქვედანაყოფების რაოდენობა „დიდი არ არის“.

სტატიის მიხედვით, რუსეთს ჯერ არ მოუხდენია საკმარისი საბრძოლო ძალის მობილიზება უკრაინის კონტროლის ქვეშ მოქცეული რუსეთის ტერიტორიების დასაბრუნებლად. Როგორც აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები და სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, არსებობს საფრთხე, რომ უკრაინის მომარაგების ხაზები გადაიტვირთოს, რადგან უკრაინის არმია ამჟამად ორი ამოცანის შესრულებას ერთდროულად ცდილობს: გააძლიეროს რუსეთის ტერიტორიაზე მებრძოლი უკრაინული ქვედანაყოფები და მოიგერიოს რუსული თავდასხმები დონბასში.

ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უკრაინის შეტევის ზუსტი მიზნები ვაშინგტონისთვის ბოლომდე გასაგები არ არის.

„უკრაინა თუ შეეცდება, შეინარჩუნოს კონტროლი რუსეთის შიგნით დაკავებულ ტერიტორიაზე, მისი ჯარი მალე შესუსტდება და ვერ შეძლებს სათანადოდ თავის დაცვას რუსეთის შეტევებისგან. გამოწვევა ისაა, რომ, როგორც ჩანს, უკრაინელები აპირებენ კონსოლიდაციას და გამაგრებას კურსკში. როგორც კი ისინი ამას გააკეთებენ და მათი წინსვლის ტემპი შენელდება, ისინი რუსების სამიზნე გახდებიან. ასე რომ, კითხვა შემდეგში მდგომარეობს: რამდენ ხანს აპირებენ უკრაინელები გაძლებას?“ – აღნიშნა „ენბისისთან“ საუბარში სამხედრო ექსპერტმა, მეთიუ სევილმა.

სევილი აცხადებს, რომ თუ უკრაინა შეეცდება რამდენიმე თვის განმავლობაში შეინარჩუნოს ეს ტერიტორია, რუსეთის საჰაერო თავდასხმების პირობებში ლოგისტიკა რთული იქნება.

მსგავსი