„ენბისი“ - ვლადიმერ პუტინს, „როგორც არასდროს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი“, გააგრძელოს ომი უკრაინაში და მოიპოვოს გამარჯვება ბრძოლის ველზე
„ენბისი“ - ვლადიმერ პუტინს, „როგორც არასდროს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი“, გააგრძელოს ომი უკრაინაში და მოიპოვოს გამარჯვება ბრძოლის ველზე

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, „როგორც არასდროს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი“, გააგრძელოს ომი უკრაინაში და მოიპოვოს გამარჯვება ბრძოლის ველზე. ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის შეფასებაში, რომლის შესახებაც „ენბისის“ ორი ანონიმური წყარო ესაუბრა.

მათი ინფორმაციით, ოქტომბერში კონგრესის წევრებისთვის წარმოდგენილ ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ აშშ-ის დაზვერვა ვერ ამჩნევს „რუსეთის მზადყოფნის ნიშანწყალს უკრაინასთან კომპრომისისთვის“, მიუხედავად დონალდ ტრამპის მცდელობისა, სამშვიდობო მოლაპარაკებები გაემართა.

„დიდი დანაკარგებისა და ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, პუტინი კვლავ ისწრაფის უკრაინულ ტერიტორიებზე კონტროლის განმტკიცებისკენ და რუსეთის გავლენის გაფართოებისკენ, რათა გაამართლოს ადამიანური და ფინანსური დანაკარგები“, – აღნიშნულია ანგარიშში.

„ენბისის“ წყაროების თქმით, აშშ-ისა და დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები 2022 წლის თებერვლიდან მიიჩნევენ, რომ პუტინი კომპრომისისთვის მზად არ არის, თუმცა ახლა, როგორც აღნიშნავენ, „მანამდე პუტინს არასდროს ჰქონია უკრაინაში ომის გაგრძელების საკითხზე იმდენად მტკიცე პოზიცია, როგორიც დღეს აქვს“.