„ენბისი ნიუსი“ - მარკო რუბიოსა და სტივ უიტკოფს შორის უკრაინაში „სამშვიდობო მოლაპარაკებების“ ხელშეწყობის გამო არასაჯარო მეტოქეობა წარმოიშვა
„ენბისი ნიუსი“ - მარკო რუბიოსა და სტივ უიტკოფს შორის უკრაინაში „სამშვიდობო მოლაპარაკებების“ ხელშეწყობის გამო არასაჯარო მეტოქეობა წარმოიშვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შორის უკრაინაში „სამშვიდობო მოლაპარაკებების“ ხელშეწყობის გამო არასაჯარო მეტოქეობა წარმოიშვა, – ამის შესახებ „ენბისი ნიუსი“ წერს.

როგორც მედია იუწყება, ინფორმაცია ათზე მეტ მოქმედ და ყოფილ აშშ-ის და ევროპის ოფიციალურ პირთან კომუნიკაციას ეფუძნება. გამოცემა რამდენიმე აქამდე უცნობ შემთხვევას ასახელებს, როდესაც უიტკოფმა უკრაინაში ომის დასრულების მიზნით საერთაშორისო შეხვედრები რუბიოს ინფორმირების გარეშე გამართა. კერძოდ, 2025 წლის აპრილში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რომელიც პარიზში უნდა გამგზავრებულიყო უკრაინაზე მოლაპარაკებებისთვის, შემთხვევით შეიტყო, რომ უიტკოფმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან პირადი შეხვედრა შეათანხმა.

რუბიომ მოითხოვა შეხვედრაში მონაწილეობა, თუმცა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ ცვლილებას პირადად უიტკოფის თანხმობა სჭირდებოდა. საბოლოოდ, რუბიო უიტკოფს დაუკავშირდა და სახელმწიფო მდივანი შეხვედრას შეუერთდა. ამასთან, ნოემბრის ბოლოს, ჟენევის მოლაპარაკებებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ფლორიდაში უკრაინულ მხარესთან შეხვედრა გამართა.

ენბისი ნიუსის“ ორი წყაროს ცნობით, რუბიომ დაგეგმილი შეხვედრის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყო, როდესაც უკრაინელებმა ამის შესახებ მის წარმომადგენლებს ჰკითხეს.

„სრულიად აშკარაა, რომ რუბიო ამ პროცესიდან ამოვარდა. რუბიო უნდა ყოფილიყო ის, ვინც ყველაფერს უხელმძღვანელებდა”- განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.

ამასთან, აშშ-ის სამი ოფიციალური პირის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ეჭვქვეშ დააყენა უიტკოფის მიერ მისი კერძო თვითმფრინავის გამოყენება მოსკოვში ფრენებისთვის, განსაკუთრებით უსაფრთხო კომუნიკაციების არარსებობის გამო. როგორც „ენბისი ნიუსი“ წერს, საჯაროდ, რუბიო და უიტკოფი აცხადებენ, რომ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად ერთად მუშაობენ.