„ენბისი ნიუსი“ - ღაზაში არსებულ შიმშილზე სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს უყვიროდა
„ენბისი ნიუსი“ - ღაზაში არსებულ შიმშილზე სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს უყვიროდა

ღაზაში არსებულ შიმშილზე სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს უყვიროდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, 28 ივლისს ისრაელის პრემიერ-მინისტრს და აშშ-ის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც ყვირილში გადაიზარდა თეთრი სახლის შეშფოთების ფონზე, თუ როგორ მუშაობს აშშ-ისა და ისრაელის მიერ მხარდაჭერილი ღაზის ჰუმანიტარული ფონდი.

გამოცემის თანახმად, ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის დაძაბულობის ბოლოდროინდელი გამწვავება 27 ივლისს დაიწყო. მაშინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზაში შიმშილის პოლიტიკა არ იყო და შიმშილი არ არსებობდა.

როდესაც ტრამპს შოტლანდიაში ვიზიტის მეორე დღეს ამ განცხადების შესახებ ჰკითხეს, მან ნეთანიაჰუს პოზიცია უარყო. ტრამპმა თქვა, რომ მან ნახა ღაზაში ბავშვების სურათები, რომლებიც ძალიან მშივრებად გამოიყურებიან და იქ ნამდვილი შიმშილია, რისი  გაყალბებაც შეუძლებელია.

ამის შემდეგ ნეთანიაჰუმ ტრამპთან სატელეფონო საუბარი მოითხოვა.

„ენბისი ნიუსის“ თანახმად, ნეთანიაჰუმ ტელეფონით ტრამპს უთხრა, რომ ღაზაში ფართომასშტაბიანი შიმშილი რეალური არ არის და რომ ის „ჰამასმა“ შეთხზა. ინფორმირებული წყაროს თქმით, ტრამპმა ნეთანიაჰუს შეაწყვეტინა და ყვირილი დაიწყო, რადგან მას არ სურდა მოესმინა, რომ შიმშილი ყალბია და რომ თანაშემწეებმა მას ბავშვების შიმშილის მტკიცებულებები აჩვენეს.