ემზარ კვიციანი -რუსეთთან უნდა მივიდეთ, დაველაპარაკოთ და ტერიტორიები ან ძალით წავართვათ, ან მოლაპარაკებებით დავიბრუნოთ
ემზარ კვიციანი -რუსეთთან უნდა მივიდეთ, დაველაპარაკოთ და ტერიტორიები ან ძალით წავართვათ, ან მოლაპარაკებებით დავიბრუნოთ

ტერიტორიები წაგვართვეს და კიდევ ჩვენ ვიბუტებით, უნდა მივიდეთ, ველაპარაკოთ და საკუთარი ტერიტორიები ან ძალით წავართვათ, ან უკან მოლაპარაკებებით დავიბრუნოთ – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, ემზარ კვიციანმა განუცხადა.

ემზარ კვიციანი ფრაქციის თავმჯდომარის, გიორგი ლომიას რუსეთში ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ლომიას ვიზიტის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს.

“სამწუხაროა, რომ “რუსთავი 2″-მა იცის, გიორგი ლომია სად იმყოფება და მე – არა. არ ვიცი სად არის. ჩემთვის ჯერჯერობით არავის არაფერი უთქვამს. ბოლო ორი კვირის მანძილზე პარტიაში არ ვყოფილვარ. ხელისუფლება გაჩერებული არ უნდა იყოს, ტერიტორიების, აფხაზი და ოსი ხალხის დასაბრუნებლად მუდმივად ნაბიჯებს უნდა დგამდეს. როცა ხელისუფლება გაჩუმებულია და თითქოს გველის ნაკბენივით ვერაფერს ახერხებს, ოპოზიცია იმისთვის არსებობს, რომ რაღაც ნაბიჯები გადაიდგას.”-განაცხადა ემზარ კვიციანმა, მისივე თქმით, ტატუნაშვილის ამბავი სწორედ მაშინ მოხდა, როცა შერიგებისკენ ნაბიჯი გადაიდგა. ეს კი შესაძლოა იმ ძალების გაკეთებული იყოს, რომელსაც საქართველოს დაქუცმაცება უნდათ.

„ცუდია, რომ როცა ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის ნაბიჯი წინ გადაიდგა, ტატუნაშვილის ამბავი მოხდა. სწორედ იმ ადამიანებს, ვინც რუსეთში სხედან და გამორიცხული არ არის, ქართველებიც იყვნენ, არ აწყობთ და უშუალოდ მუშაობენ იმაზე, რომ საქართველო დააქუცმაცონ, გაანადგურონ. მსგავს ქმედებებს სწორედ ასეთი ადამიანები სჩადიან. როგორც კი ქართველები და აფხაზები შერიგებისკენ წავიდოდით, პარტიზანული მოძრაობები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ერთმანეთს დავშორებოდით. ჭკუა როდესმე ხომ
უნდა ვისწავლოთ? ტერიტორიები წაგვართვეს და კიდევ ჩვენ ვიბუტებით? – უნდა მივიდეთ, ველაპარაკოთ ან ძალით წავართვათ, ან მოლაპარაკებებით დავიბრუნოთ”,-განაცხადა მან.

„ სააკაშვილმა რა დავალებაც ჰქონდა, შეასრულა- რუსეთთან კომუნიკაცია შეწყდა. რუსეთის სამშვიდობოებს საქართველოში ყოფნის ვადა ვინ გაუგრძელა? – სააკაშვილმა. როცა მოლაპარაკებების დაწყებაზე მიდის საუბარი, საქართველოში ყველაფერი მაშინ ატყდება. 14 წლის განმავლობაში კოდორის ხეობაში ერთი გატაცება გახსოვთ? როგორც საჭიროა, თუ დადგები, სიკვდილის ყველას ეშინია. საქართველოს ხელისუფლება 2004 წლიდან დღემდე ისე ვერ დგას, რომ საკუთარი ტერიტორიები შეინარჩუნოს და დაიბრუნოს”, – განაცხადა კვიციანმა.