ემზარ კვიციანი - რაც პანკისში მოხდა, ვფიქრობ, ეს იყო ხალხის აჯანყებამდე მიყვანა, ეს იყო აჯანყება
ემზარ კვიციანი - რაც პანკისში მოხდა, ვფიქრობ, ეს იყო ხალხის აჯანყებამდე მიყვანა, ეს იყო აჯანყება

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა ემზარ კვიციანმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტის პლენარულ სესიაზე კითხვები პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირების საკითხზე დაუსვა.

მისი შეფასებით, პანკისის ხეობაში შინაგან საქმეთა მინისტრი სწორად მოიქცა. ამასთან, კვიციანის განცხადებით, პარლამენტში ლეგიტიმური კითხვა დაისვა, ჰქონდა თუ არა სამინისტროს პანკისში შესვლამდე კომუნიკაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან.

„საერთოდ, წერილობით არსებობს ალბათ თქვენი ურთიერთობა ასეთ შემთხვევაში, რომ მოითხოვდით ანალიტიკურ დასკვნას, რა შედეგი შეიძლება, მოჰყოლოდა პანკისში დამატებითი ძალების შეყვანას, აუცილებლად გიპასუხებდათ უსაფრთხოების სამსახური წერილობით. მაინტერესებს, გვაქვს თუ არა ჩვენ, დეპუტატებს უფლება გავეცნოთ ამ პასუხს, რა პასუხი მოგცათ უსაფრთხოების სამსახურმა.

რაც პანკისში მოხდა, ვფიქრობ, ეს იყო ხალხის აჯანყებამდე მიყვანა, ეს იყო აჯანყება. მიმაჩნია, რომ თქვენ იქ მოიქეცით სწორად, რომ შეაჩერეთ მოსალოდნელი სისხლისღვრა და ამიტომ პირადად ჩემი მადლობა თქვენ“, – მიმართა კვიციანმა მინისტრს.

ამასთან, მან პანკისის ხეობასთან დაკავშირებული სხვა ფაქტები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ხალხსა და პოლიციას ერთმანეთისგან უსამართლობა ჰყოფს.

„სანამ პანკისის ხეობაში ეს აჯანყება მოხდებოდა, მანამდე ცუდი ფაქტები იყო დადებული, თუნდაც სპეცოპერაციები, რომელიც ჩაატარეს სპეცსამსახურებმა და ერთი თქვენი თანამშრომლების ძალიან ცუდ ფაქტსაც მოგიყვებით. ეს არის 2018 წლის 4 აგვისტო, როდესაც მუსა ხანგოშვილი დააკვეს გზაზე, ოთხმა კაცმა სცემა სასიკვდილოდ, ღამის სამ საათზე იყო, ამის შემდეგ თითქოს წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას და ჩასვეს ციხეში. ამაზე თქვენ მოგმართეთ და მყისიერად მოახდინეთ რეაგირება. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ორ ადამიანზე და მუსა ხანგოშვილი მაინც დარჩა ციხეში, ორი წელი მიესაჯა, სამართლიანობა მაინც არ აღდგა. უსამართლობა არის სწორედ ის, რაც ჰყოფს ხალხსა და პოლიციას ერთმანეთისგან. ამიტომ არის სამართლიანობა ყველაზე მთავარი“, – მიმართა გიორგი გახარიას ემზარ კვიციანმა.

მისი თქმით, კიდევ ძალიან ბევრი ფაქტი აქვს, რომლის შესახებაც მინისტრს ინფორმაციას წერილობით მიაწვდის.

გიორგი გახარია საკანონდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.