ემზარ კვიციანი - გავრილოვის საკითხი იყო დივერსია ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ეს იყო გაკეთებული ხელისუფლების დასამხობად
ემზარ კვიციანი - გავრილოვის საკითხი იყო დივერსია ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ეს იყო გაკეთებული ხელისუფლების დასამხობად

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ემზარ კვიციანმა ფრაქციის სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, მიმდინარე წლის ივნისში სერგეი გავრილოვზე ისაუბრა.

მან კითხვით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ვახტანგ გომელაურს.

„ხელში მიჭირავს ბროშურა, სადაც არის პროტოკოლი გაწერილი ოთხ ენაზე და მთელმა საქართველომ გაიკვირვა რატომღაც, რომ გავრილოვი როგორ მოხვდა აი ამ სკამში, სადაც ახლა ჩემი მეგობარი ზის და მიჰყავს სხდომა. ვინ შეადგინა ეს პროტოკოლი და თქვენი სამსახურის როლი აი ამ პროტოკოლის შედგენაში. დაისაჯა ვინმე? მოეკითხა ვინმეს? მიდის მოკვლევა საერთოდ? ხო ყველამ ვიცით, რომ ეს იყო დივერსია ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. უყურებთ, ვინ გამოიყენა ეს, გამოიყენა იმ ხალხმა, ვისთვისაც იყო ეს გაკეთებული და ვის გასაძლიერებლადაც“, – განაცხადა კვიციანმა.

მისი თქმით, ეს ხელისუფლების დამხობისთვის გაკეთდა.

„ბატონო ვახტანგ, მე თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემთ პიროვნულად, მაგრამ ამ საქმეში თქვენ ისინი მიუშვით იქამდე, რომ შტურმზე გადავიდნენ. იქ დახვდათ გახარია და შეაჩერა. გუშინ კითხვა მოვისმინე ერთი ასეთი, რატომ არ გაგვაფრთხილე, რა ტყვიებს გვესროდითო, თვითონ რა, გაგაფრთხილათ შტურმზე რომ გადმოდიოდნენ? გახსოვთ ალბათ 2006 წელი. განცხადება გავაკეთე,  კოდორის ხეობაში ვიყავით სულ ხუთი კაცი, რომ არ შეიძლება აქ შემოსვლა და ჯარის შემოყვანა, რადგან დაიკარგება, ლეგიტიმაციას აძლევ რუსეთს, რომ შემოვიდეს ხეობაში, გვაქვს ოთხმხრივი შეთანხმება საერთაშორისო, ამის გულისთვის დამაბრალეს ხელისუფლების დამხობის მცდელობა უკანონო შეიარაღებული ფორმირებებით, რომელიც თვითონ შექმნეს. ჯერ შეაიარაღეს ბრაკონიერი მონადირე, შემდეგ გააუქმეს და იარაღი დაუტოვეს“, – განაცხადა კვიციანმა.

დეპუტატის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა, რომ მისი ოჯახი საკუთარ ბინას დაუბრუნა. მან ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა.

„დამსახურებაა ირაკლი ღარიბაშვილის, რომ ჩემი ოჯახი, რომელიც ქუჩაში იყო დარჩენილი, შეასახლა ჩვენს ბინაში და ციხიდანაც სხვათაშორის ირაკლის დამსახურებით და, რა თქმა, უნდა მოსახლეობის მხარდაჭერით გამოვედი, დღეს აქ ვზივარ და არა ციხეში. რისთვის? სამშობლოს დაცვისთვის, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

ამასთან, მან მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილმა ტერიტორიების დაბრუნების სამივე გზა გადაკეტა.

„სააკაშვილმა რამხელა დავალებები შეუსრულა რუსებს. ჯერ პირველი ის, რომ 2008 წლის პროვოკაცია. ხშირად ისმის კითხვა, რომ რუსეთი ოკუპანტია და ვინ დაიწყო ომი. სვამენ კითხვას ვინ, სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც ამ პროვოკაციაში ჩაგვითრიეს და თანამონაწილეები არიან ოკუპაციის. რატომ აკეთებენ ამას, როგორც კი დაინახავენ, აი გავრილოვის თემა, როგორც კი დაინახეს, რომ გაძლიერდა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა, რუსეთიდან ძალიან ბევრი ინვესტიცია შემოვიდა, შემოვიდა ტურისტი. რამხელა ზარალი მიაყენა გავრილოვის ჩამობრძანებამ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

დეპუტატმა სერგეი გავრილოვთან მის საუბარზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს დიალოგი არავის გაუსაჯაროვებია.

„რატომ არ გასაჯაროვდა გავრილოვის და ჩემი საუბარი, როდესაც გავრილოვს ვუთხარი, რომ სწორედ მოსკოვიდან დაიგეგმა ეს ყველაფერი, გაოგნდა – ნუთუ ვინმემ იცის ამის შესახებ საქართველოშიო და, რომ ერთი გუნდი ხართმეთქი თქვენ და „ნაციონალები“, რომლებიც ახლა თქვენ ადგილას დგანანმეთქი. არავინ გაასაჯაროვა, რადგან სიმართლე არავის უნდა. ამიტომ არის უბრალოდ, რომ სამი ვარიანტი არსებობს ტერიტორიების დაბრუნების, სამივე გადაკეტა სააკაშვილმა. რაღაც ხომ უნდა გავაკეთოთ ჩვენ, რომ გავხსნათ რომელიმე გზა“, – განაცხადა კვიციანმა ფრაქციის სხდომაზე.

პარლამენტში ფრაქციების ფორმატში მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან შეხვედრები დღესაც გრძელდება. ამ დროისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატების შეხვედრა ფრაქცია  „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრებთან იმართება.