ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ თბილისის ზღვაზე ნაპოვნი მოკლული მამაკაცი მისი ძმისშვილის, ბექა კვიციანის მეგობარია, რომელსაც ასევე ეძებენ
პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ თბილისის ზღვაზე ნაპოვნი მოკლული მამაკაცი მისი ძმისშვილის, ბექა კვიციანის მეგობარია, რომელსაც ასევე ეძებენ. ამის შესახებ ემზარ კვიციანმა საქართველოს პირველ არხთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
ემზარ კვიციანი აღნიშნავს, რომ მის ძმისშვილს მეორე დღეა, ეძებენ. საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროც არის ჩართული.
თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლული გუშინ იპოვეს. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. შსს საქმეს ორი მუხლით იძიებს, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.