ემილიანო მარტინესმა აუქციონზე გაყიდა ხელთათმანები, რომლითაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა #1TVSPORT
არგენტინის ნაკრების მეკარის, ემილიანო მარტინესის ხელთათმანები აუქციონზე გაიყიდა. ამ ხელთათმანებით მარტინესმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.
ხელთათმანები 42 ათას ევროდ გაიყიდა. თანხა არგენტინაში ბავშვთა ონკოლოგიურ საავადმყოფოს გადაეცა.
„მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ყოველდღე არ თამაშობ, ეს ხელთათმანები განსაკუთრებულია ჩემთვის. მაგრამ უმჯობესია, ბავშვებს დავეხმარო, ვიდრე ხელთათმანები ჩემი სახლის კედელზე ჩარჩოში იყოს ჩასმული“, – მოჰყავს მარტინესის სიტყვები გამოცემა Buenos Aires Times-ს.
არგენტინის ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა და მესამედ გახდა მსოფლიოს საუკეთესო გუნდი.