EMC სუს-ისა და დაზვერვის სამსახურის შერწყმის ხარვეზებზე საუბრობს
EMC სუს-ისა და დაზვერვის სამსახურის შერწყმის ხარვეზებზე საუბრობს

ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების შერწყმის შედეგად წარმოქმნილი ხარვეზები განიხილეს.

არასამთავრობოთა უკმაყოფილებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონში გაწერილი რამდენიმე პუნქტი იწვევს. მათ შორის: გაერთიანების შედეგად უსაფრთხოების სამსახურში ჭარბი კომპეტენციის თავმოყრა, სხვადასხვა დაწესებულებებში უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის დანიშვნა და ამ პირებისთვის დაკავების თუ პირადი შემოწმების უფლების მინიჭება. მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ პროცესი არ უნდა დაჩქარდეს და კანონპროექტის ბუნდოვანი პუნქტები დეტალურად უნდა იყოს განხილული, ამაში კი ისინი თემაზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართვას ითხოვენ.

„კარგია, რომ პარლამენტში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მომავალი კვირისთვის გადაიდოს კანონპროექტის განხილვა. ვფიქრობ, უკვე არის შედეგი იმ აქტიურობისა, რომელიც ამ კანონპროექტთან დაკავშირებით გასულ დღეებში არსებობდა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს კონსულტაციები მათ შორის მოგვცემს შესაძლებლობას, რომ საკომიტეტო ფორმატში თემის მიღმა პარლამენტის წევრებთანაც უფრო საქმიან რეჟიმში გავაგრძელოთ პროექტზე საუბარი. გვაქვს ბევრი შენიშვნა რაც უკავშირდება ე.წ. ოდეერების მექანიზმის შესაძლო აღდგენას, ახალი ფუნქციების მინიჭებას უსაფრთხოების სამსახურისთვის, მაგალითად ადმინისტრაციული დაკავების უფლების მინიჭებას და ზოგადად, კომპეტენციის ზრდას უსაფრთხოების სამსახურის ხელში ისე, რომ მისი ანგარიშვალდებულების გაზრდა არ ხდება და საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება თან არ ახლავს ამ პაკეტს“ – აღნიშნავს EMC-ის წევრი სოფო ვერძეული.

მისი თქმით, კონკრეტული ორგანოს დაქვემდებარებაში დაზვერვის თუ უსაფრთხოების სამსახურის ყოფნის ერთიანი ცალსახა სტანდარტი არ არსებობს. იმ ქვეყნებში კი, სადაც მსგავსი მოდელი მოქმედებს, საპარლამენტო ზედამხედველობა საკმაოდ ძლიერია. ვერძეულის თქმით, საქართველოს შემთხვევაში ეს ასე არ არის, ამიტომაცა, მისი თქმით, დაუბალანსებელი ძალაუფლების რისკი მაღალია.