EMC სამი ეკომიგრანტების საქმეზე სახელმწიფოს ევროპულ სასამართლოში უჩივის
EMC სამი ეკომიგრანტების საქმეზე სახელმწიფოს ევროპულ სასამართლოში უჩივის

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სამი ეკომიგრანტი მოსახლის სიცოცხლის დაცვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფოს ევროპულ სასამართლოში უჩივის.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ევროპულ სასამართლოში წარდგენილი განაცხადი ეხება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეძათხევში, მეწყრული საშიშროების მაღალი რისკის ზონაში მცხოვრები სამი ეკომიგრანტი მოსახლის (ორი ოჯახის) სიცოცხლის დაცვის ვალდებულების შეუსრულებლობას სახელმწიფოს მხრიდან.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფომ 2015 წელს სწორედ სიცოცხლისთვის არსებული საფრთხის გამო, სოფლიდან გაასახლა რვა ოჯახი, თუმცა, განსახლებაზე უარი უთხრა ნაბისი ზვიადაურის ერთსულიან, ასევე ვეფხვია არდოტელისა და ლია ზვიადაურის ოჯახებს.

“სოფელში არსებული საშიშროების გამო, ვეფხვია არდოტელის და ლია ზვიადაურის შვილები დროებით ცხოვრობენ ჟინვალში დეიდის სახლში. აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, EMC, როგორც განმცხადებლების წარმომადგენელი, ევროპულ სასამართლოს მიმართავს კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება) და მე-13 (უფლება დაცვის სამართლებრივ მექანიზმებზე) მუხლების დარღვევის დადგენის მოთხოვნით”, – აცხადებენ EMC-ში.