ემანუელ მაკრონს საიმიგრაციო კანონის გამკაცრების გეგმის გამო უფლებადამცველები აკრიტიკებენ
ემანუელ მაკრონს საიმიგრაციო კანონის გამკაცრების გეგმის გამო უფლებადამცველები აკრიტიკებენ

საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს საიმიგრაციო კანონის გამკაცრების გეგმის გამო უფლებადამცველები აკრიტიკებენ. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მტკიცებით, საფრანეგთის მთავრობა მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას გეგმავს.

ვითარების განმუხტვის მიზნით, საფრანგეთის პრეზიდენტის განკარგულებით, პრემიერ-მინისტრი ედუარდ ფილიპი უფლებადამცველ ჯგუფებს შეხვდა და მათთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებები განიხილა. კანონპროექტს უახლოეს კვირებში პარლამენტს წარუდგენენ, სადაც ემანუელ მაკრონის პარტია უმრავლესობას ფლობს.


მემარცხენე პოლიტიკოსებმა და უფლებადამცველებმა მთავრობის გეგმებს არაჰუმანური უწოდეს. კანონპროექტის თანახმად, 15 დღემდე მცირდება თავშესაფარზე უარის გასაჩივრების ვადა, ასევე მკაცრდება საიმიგრაციო ცენტრების შემოწმება და 45-დან 90 დღემდე იზრდება არალეგალი მიგრანტების წინასწარი პატიმრობის ვადა. მთავრობის განმარტებით კი, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საფრანგეთში დაჩქარდება თავშესაფრის მინიჭების პროცედურა და გაუმჯობესდება საიმიგრაციო ცენტრებში არსებული ვითარება.


„მთავრობის პოლიტიკა არავითარ შემთხვევაში არ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ თავშესაფრის უფლებას. ეს კონსტიტუციით არის გარანტირებული. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უნდა მივიღოთ ადამიანები მათი დიფერენცირების გარეშე“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.


აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა 2017 წელს რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 100 ათასს ადამიანს გადააჭარბა.