ემანუელ მაკრონმა ქალაქ მიულუზში დანით თავდასხმას „ისლამისტური ტერორიზმი“ უწოდა
ემანუელ მაკრონმა ქალაქ მიულუზში დანით თავდასხმას „ისლამისტური ტერორიზმი“ უწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქალაქ მიულუზში დანით თავდასხმას „ისლამისტური ტერორიზმი“ უწოდა. აღნიშნულ საქმეს საფრანგეთის ტერორიზმის წინააღმდეგ მოქმედი პროკურატურა იძიებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის დროს მამაკაცი „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა. ალჟირში დაბადებული 37 წლის მამაკაცის თავდასხმის შედეგად გამვლელი დაიღუპა, პოლიციის სამი თანამშრომელი კი დაშავდა. ეჭვმიტანილი პოლიციამ დააკავა.

„პროკურორი მობილიზებულია, ისევე როგორც ანტიტერორისტული პროკურატურა. ტერორისტის გამონათქვამების გათვალისწინებით, ამ მოქმედებას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა, ისლამისტური ტერორისტული აქტის. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ერის სოლიდარობა დაღუპულის ოჯახის მიმართ და ჩემი სურვილი, გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა, რომელიც მიმდინარეობს რვა წლის განმავლობაში, ყველაფერი გავაკეთო ჩვენს ქვეყანაში ტერორიზმის აღმოსაფხვრელად“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.