ემანუელ მაკრონმა მთავრობის ფორმირება მოქმედ პრემიერ-მინისტრს დაავალა
ემანუელ მაკრონმა მთავრობის ფორმირება მოქმედ პრემიერ-მინისტრს დაავალა

ფრანგული მედიის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ნდობა გამოუცხადა მოქმედ პრემიერს, ელიზაბეტ ბორნს და ივლისამდე ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა.

მაკრონის თქმით, ელიზაბეტ ბორნს დაავალა, მომავალ კვირას გამართოს მოლაპარაკებები პოლიტიკურ ძალებთან და გაიგოს მათი პოზიციები თანამშრომლობისა და მართვაში მონაწილეობის სურვილის შესახებ, მათ შორის 5 ივლისს პრემიერისთვის ნდობის გამოცხადების და შემოდგომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებასთან დაკავშირებით.

„დიდი შვიდეულის“ და ნატო-ს სამიტებიდან ჩემი დაბრუნების შემდეგ, პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს წინადადებებს მომდევნო თვეების და წლების განმავლობაში საფრანგეთის მთავრობის გზამკვლევის შესახებ. ასევე, საფრანგეთის სამსახურში ახალი მთავრობის შემადგენლობის შესახებ, რომელსაც ივლისის პირველ რიცხვებში ჩამოვაყალიბებთ“, – განაცხადა მაკრონმა.

19 ივნისს, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში, აბსოლუტური უმრავლესობის შესანარჩუნებლად ემანუელ მაკრონის ბლოკს 44 ხმა დააკლდა. ახალი ფორმირების პარლამენტში პრეზიდენტის ბლოკს თითქმის ყველა კანონპროექტზე სხვა პოლიტიკურ ძალებთან მოუწევს კომპრომისების ძიება.