ემანუელ მაკრონმა მოუწოდა ხელისუფლებასა და მომხმარებლებს, დაზოგონ ენერგორესურსები - ნაკლები ენერგიის გამოყენება კარგია როგორც კლიმატისთვის, ასევე ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის
ემანუელ მაკრონმა მოუწოდა ხელისუფლებასა და მომხმარებლებს, დაზოგონ ენერგორესურსები - ნაკლები ენერგიის გამოყენება კარგია როგორც კლიმატისთვის, ასევე ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის

საფრანგეთს სჭირდება მობილიზება, რათა მოემზადოს ენერგეტიკული დეფიციტის სავარაუდო სცენარისთვის ამ შემოდგომაზე, რადგან რუსეთი ევროპაში მიწოდების შემცირებას იარაღად იყენებს,- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მაკრონის თქმით, საფრანგეთი მიზნად ისახავს რუსული გაზის გარეშე ცხოვრებას, რაც შეიძლება მალე, რადგან უკრაინის ომის ადრეული დასასრული არ ჩანს.

„რუსეთმა უკვე დაიწყო გაზის მიწოდების შეწყვეტა. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი: ის გამოიყენებს გაზს, როგორც ომის იარაღს“, – თქვა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მოუწოდა ხელისუფლებას, მომხმარებლებს და ინდუსტრიას დაზოგონ ენერგია.

„ჩვენ უნდა შევიდეთ თავშეკავების კოლექტიური ლოგიკაში. ეს თავშეკავება მოითხოვს ჩვენი თანამოქალაქეების სოლიდარობას. ნაკლები ენერგიის გამოყენება კარგია როგორც კლიმატისთვის, ასევე ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის“, – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ემანუელ მაკრონმა ასევე თქვა, რომ საფრანგეთი მეტ ინვესტიციას განახორციელებს ატომური ენერგიის სექტორში, რომელიც ამჟამად უზრუნველყოფს ქვეყნის ელექტროენერგიის საჭიროების დაახლოებით 70 პროცენტს.