ემანუელ მაკრონმა ინაუგურაციაზე განაცხადა, რომ საფრანგეთს „ახალი მეთოდით“ უხელმძღვანელებს
ემანუელ მაკრონმა ინაუგურაციაზე განაცხადა, რომ საფრანგეთს „ახალი მეთოდით“ უხელმძღვანელებს

ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევასთან დაკავშირებით ფიცი დადო. ინაუგურაციაზე განაცხადა, რომ ქვეყანას „ახალი მეთოდით“ უხელმძღვანელებს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

ხანმოკლე გამოსვლისას მაკრონმა ისაუბრა ინოვაციების აუცილებლობაზე მსოფლიოსა და საფრანგეთისთვის უპრეცედენტო გამოწვევების დროს და აღნიშნა, რომ მისი მეორე ვადით უფლებამოსილების განხორციელება იქნება არამხოლოდ მისი პირველი ხუთწლიანი მმართველობის გაგრძელება, არამედ იქნება სიახლე.

„ჩვენ ერთად უნდა გამოვიგონოთ ახალი მეთოდი, ძველი ტრადიციებისა და რუტინისგან განსხვავებული, რომლითაც შეგვიძლია, ავაშენოთ ახალი პროდუქტიული, სოციალური და ეკოლოგიური კონტრაქტი“, – აღნიშნა მაკრონმა და დაამატა, რომ პატივისცემითა და გაფრთხილებით იმოქმედებს.

ინაუგურაციაზე მიწვეულ 500 სტუმარს შორის იყვნენ ყოფილი პრეზიდენტები – ფრანსუა ოლანდი და ნიკოლა სარკოზი, ყოფილი პრემიერ-მინისტრები – ედუარდ ფილიპი, მანუელ ვალსი, ალენ ჟუპე და ჟან-პიერ რაფარინი, ასევე რელიგიური ლიდერები და სხვა სახელმწიფო მოღვაწეები.