ემანუელ მაკრონი - ვფიქრობ, უნდა განვსაზღვროთ მკაფიო წითელი ხაზები რუსეთთან
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთთან მიმართებით ცხადი წითელი ხაზები უნდა გაავლოს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ტელეკომპანია „სიბიესთან“ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ნებისმიერი მიუღებელი ქმედებისთვის რუსეთს სანქციები უნდა დაუწესდეს. მოდერატორ მარგარეტ ბრენანთან ინტერვიუში მაკრონმა თქვა, რომ სრულად იზიარებს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სურვილს, გახსნას რუსეთთან დიალოგი.
„მე ვფიქრობ, რომ სანქციები თავისთავად არ არის საკმარისი, მაგრამ სანქციები პაკეტის ნაწილია. მე კონსტრუქციულ დიალოგს ვამჯობინებ, მაგრამ კონსტრუქციული და ეფექტური დიალოგისთვის საჭიროა სანდოობა. ვფიქრობ, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ მკაფიო წითელი ხაზები რუსეთთან“, – თქვა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთთან „გულუბრყვილო მიდგომა“ ჰქონდა.
„ვფიქრობ, რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, როდესაც უკრაინაში შეჭრა მოხდა, ეს არ არის დიპლომატიის მარცხი, ეს არის ჩვენი კოლექტიური სანდოობის მარცხი რუსეთთან მიმართებაში“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.