ემანუელ მაკრონი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ნატო-ს მოკავშირეები თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაზე შეთანხმდნენ
ემანუელ მაკრონი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ნატო-ს მოკავშირეები თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაზე შეთანხმდნენ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ნატო-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, თავდაცვის გასაძლიერებლად ბიუჯეტში მშპ-ის ორ პროცენტზე მეტი შეიტანონ.

შენატანის გაზრდის შესახებ განცხადება ცოტა ხნით ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე გააკეთა. დონალდ ტრამპის თქმით, „ყველა შეთანხმდა ვალდებულებების არსებითად გაზრდაზე. ისინი ხარჯებს ისეთ დონემდე გაზრდიან, რაზეც არასდროს უფიქრიათ აქამდე“.

შემდგომ კი პრეზიდენტმა განმარტა, რომ ნატო-ს 29 წევრიდან მხოლოდ ხუთი ქვეყანა ასრულებდა ამ ვალდებულებას, ახლა კი ეს შეიცვალა. ტრამპის თქმით, ნატო-ს ბიუჯეტში კონტრიბუციის ზედა ზღვარი ორი პროცენტი იყო, თუმცა ის კიდევ უფრო მაღლა აიწევს.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, გამოქვეყნებულ კომუნიკეში ყველაფერი დეტალურადა გაწერილი. საფრანგეთის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ მიზანი 2024 წლისთვის ნატო-ს ბიუჯეტში შესატანი თანხის ოდენობა მშპ-ის ორი პროცენტი უნდა გახდეს.

ემანუელ მაკრონი ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნულ საკითხზე უთანხმოების გამო ნატო-დან გასვლით იმუქრებოდა.