ემანუელ მაკრონი – უახლოეს კვირებში გვექნება „დიდი შვიდეულის“ შეხვედრა, რომელიც ენერგეტიკის საკითხებს დაეთმობა, ვითარება სერიოზულია
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში მოიწვევს „დიდი შვიდეულის“ სამიტს, რომელიც მსოფლიოში ენერგიის ფასების მკვეთრ ზრდას და ნავთობის მარაგების გამოშვების საკითხს დაეთმობა.
„უახლოეს კვირებში გვექნება „დიდი შვიდეულის“ შეხვედრა, რომელიც ენერგეტიკის საკითხებს დაეთმობა – თანამშრომლობის გასაძლიერებლად, ასევე „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებსა და ჩვენს ძირითად პარტნიორებს შორის ზედმეტი დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად. ვითარება, რომლის წინაშეც ვდგავართ, სერიოზულია. ის სერიოზულია საერთაშორისო მდგომარეობისა და ომების გამო, რომლებსაც ვუძლებთ. ამ კონტექსტში ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა მაკრონმა პრესკონფერენციაზე.
ემანუელ მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ საუდის არაბეთის, ერაყის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებთან ბოლოს გამართულ შეხვედრებზე საფრანგეთისთვის ნავთობისა და გაზის მიწოდების უსაფრთხოების განმტკიცებას შეეცადა. მისივე თქმით, ნავთობპროდუქტებითა და გათხევადებული ბუნებრივი აირით ვაჭრობის საკითხს კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან შეხვედრაზეც განიხილავს.