ემანუელ მაკრონი – უახლოეს დღეებში პრეფექტების მიერ აიკრძალება იმ პირთა ნებისმიერი დემონსტრაცია ან შეკრება, რომლებსაც ამის ლეგიტიმური საფუძველი არ აქვთ
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უახლოეს დღეებში პრეფექტების მიერ აიკრძალება იმ პირთა ნებისმიერი დემონსტრაცია ან შეკრება, რომლებსაც ამის ლეგიტიმური საფუძველი არ აქვთ.
ამის შესახებ მაკრონმა ელისეს სასახლეში სადაზვერვო სამსახურებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში სიმშვიდის აღსადგენად მომდევნო დღეებში ზოგიერთი დემონსტრაციის აკრძალვაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება ბიზნესებისა და საზოგადოებრივი შენობების დაცვის აუცილებლობით მიიღო.
„წესები მარტივია: მომდევნო დღეებში დემონსტრაციები არ უნდა იყოს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე გამოაცხადა, რომ 23 ოქტომბერს დამატებითი გადაწყვეტილებების მისაღებად თავდაცვის საბჭო შეიკრიბება, რადგან სამართალდამცველები „უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ არიან“.
ამასთან მაკრონმა თქვა, რომ 17 ოქტომბერს ორგანიზებულმა ულტრამემარცხენე ჯგუფებმა რესპუბლიკის დამხობა სცადეს.