ემანუელ მაკრონი - ტარიფების თაობაზე მუქარა მიუღებელია, არანაირი დაშინება არ იმოქმედებს ჩვენზე არც უკრაინაში, არც გრენლანდიაში, ვიცით, როგორ დავიცვათ ევროპული სუვერენიტეტი
არანაირი დაშინება და მუქარა არ იმოქმედებს ჩვენზე არც უკრაინაში, არც გრენლანდიაში და არც სხვაგან მსოფლიოში, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.
მაკრონის თქმით, ტარიფებით მუქარა მიუღებელია.
„საფრანგეთი ერთგულია ერების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის იდეის მიმართ ევროპაში თუ სხვაგან. ეს განსაზღვრავს ჩვენს არჩევანს. ეს არის საფუძველი გაერო-ს და მისი წესდების მიმართ ჩვენი ერთგულების. სწორედ ამ საფუძველზე ვუჭერთ და კვლავ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას, ამის საფუძველზე, ამ პრინციპებისა და ჩვენი უსაფრთხოების დასაცავად შევქმენით „მსურველთა კოალიცია“ მტკიცე და მდგრადი მშვიდობისთვის. სწორედ ამის საფუძველზე გადავწყვიტეთ, შევერთებოდით გრენლანდიაში დანიის მიერ ორგანიზებული წვრთნებს. ჩვენ ვრჩებით ამ გადაწყვეტილების ერთგული, განსაკუთრებით, როცა ეს ეხება არქტიკისა და ჩვენი ევროპის საზღვრების უსაფრთხოებას.
არანაირი დაშინება და მუქარა არ იმოქმედებს ჩვენზე არც უკრაინაში, არც გრენლანდიაში და არც სხვაგან მსოფლიოში, როდესაც ასეთ სიტუაციებს ვაწყდებით. ტარიფების თაობაზე მუქარა მიუღებელია და არ აქვს ადგილი ამ კონტექსტში. ევროპელები მათ ერთიანად და კოორდინირებულად უპასუხებენ, თუ ისინი დადასტურდება. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა დავიცვათ ევროპული სუვერენიტეტი. სწორედ ამ სულისკვეთებით ვისაუბრებ ევროპელ პარტნიორებთან“, – წერს მაკრონი.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 10%-იან ტარიფებს უწესებს. ბრძანება ძალაში 2026 წლის პირველი თებერვლიდან შევა.