ემანუელ მაკრონი ტარიფებთან დაკავშირებით აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება - „კარგია, როდესაც დემოკრატიაში ძალაუფლება და კონტრძალაუფლება არსებობს“
ემანუელ მაკრონი ტარიფებთან დაკავშირებით აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება - „კარგია, როდესაც დემოკრატიაში ძალაუფლება და კონტრძალაუფლება არსებობს“

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, კარგია, რომ დემოკრატიულ მმართველობაში ძალაუფლების საპირწონე მექანიზმიც არსებობს.

ემანუელ მაკრონმა ამის შესახებ აშშ-ში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საგანგებო ტარიფები უკანონოდ ცნო.

„არ არის ცუდი, გქონდეს უზენაესი სასამართლო და კანონის უზენაესობა. მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ უზენაესი სასამართლოები არის პრობლემა პოლიტიკურ ცხოვრებაში, ამ შემთხვევაში უზენაესმა სასამართლომ შეამოწმა, რამდენად შეესაბამებოდა კონსტიტუციას და თქვა, რომ რაღაც არ შეესაბამებოდა. ყველა ამბობს, რომ ეს კარგია. კარგია, როდესაც დემოკრატიაში ძალაუფლება და კონტრძალაუფლება არსებობს“, – აღნიშნა მაკრონმა.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საგანგებო ტარიფები უკანონოდ ცნო. სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპმა დაარღვია ფედერალური კანონი, როდესაც ცალმხრივად დააწესა ფართომასშტაბიანი ტარიფები მთელ მსოფლიოში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სხვადასხვა ქვეყნისთვის 10%-იდან 49%-მდე ტარიფების დაწესების შესახებ 2025 წლის 3 აპრილს განაცხადა.